ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე საუბარი იქნება ყველა იმ ინციდენტზე, რომელსაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ჰქონდა ადგილი.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დე ფაქტო რეჟიმის უკანონო ქმედებები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები იქნება გაპროტესტებული. შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნას და იმ ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრებს, რაც გზის ხელოვნურად ჩაკეტვას მოჰყვა.

შეხვედრაზე გენადი ბესტაევის საკითხზეც იმსჯელებენ. ის მესამე დღეა, კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გენადი ბესტაევი ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო ტყვეობაში.

„განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. განვიხილავთ ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს, უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც კვლავ აქტიურ ფაზაშია შესული. ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი მოქალაქის, გენადი ბესტაევის მდგომარეობას, რომელიც გადმოყვანილი იქნა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. გენადი ბესტაევი იყო უკანონოდ დაკავებული აბსურდული ბრალდების საფუძველზე. 15 ნოემბერს მივიღეთ ცხელი ხაზით ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მოხდა მისი გადმოყვანა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა მისია. სრული პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე ეკისრება რუსეთის ფედერაციას. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ყველა მოქალაქე და გენადი ბესტაევის საკითხი ყოველთვის განიხილებოდა ყველა არსებულ ფორმატში, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებებზე. მიდის აქტიური მუშაობა აფხაზეთის მიმართულებით ამ ფორმატის აღდგენისთვის. ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი ასევე არის განხილვის მთავარი საგანი და ამ პროცესში ჩართულები არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ერთი მოქალაქე გელა გოჭოშვილი, რომელიც რამდენი თვის წინ დააკავეს.

დატოვე კომენტარი