მიხეილ ერგემლიძე კარიერას აზერბაიჯანულ „საბაჰში“ გააგრძელებს – ინფორმაციას აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა „აზერისპორტი“ ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბი „საბაჰი“ კმაყოფილია ორი ფეხბურთელით, რომლებიც საქართველოში საწვრთნელ შეკრებაზე გასასინჯად მიიწვიეს. დიდია ალბათობა, რომ ბაქოს კლუბმა კონტრაქტი გააფორმოს აზერბაიჯანული წარმოშობის 20 წლის რუს ფორვარდ ილდარ ალექპეროვთან და „დინამო თბილისის“ 21 წლის ქართველ ფორვარდ მიხაილ ერგემლიძესთან. ისინი ბაქოში გუნდთან ერთად ჩამოვიდნენ“, – წერს „აზერისპორტი“.
მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელი კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. 21 წლის თავდამსხმელი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, სადაც 2017-2019 წლებში თამაშობდა. მერე იჯარით წავიდა საჩხერეს „ჩიხურასა“ და „გაგრაში“, 2021 წლის იანვარში კი თურქულ „ადანა დემისპორში“ გადავიდა.
ერგემლიძემ „საბაჰის“ შემადგენლობაში თბილისურ შეკრებაზე გამართული შეხვედრები ჩაატარა და თავიც გამოიჩინა. „საბურთალოსთან“ მატჩში აზერბაიჯანული გუნდის თავდამსხმელმა ვეისელ რზაევმა ანგარიში მისი საგოლე გადაცემით გაათანაბრა.
„დინამო თბილისის“ ყოფილი თავდამსხმელის გარდა, „საბაჰის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს – მარცხენა მცველი ზურაბ ოჩიგავა, რომელიც კიევის „დინამოს“ აღზრდილია.