ერევანში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა
ერევანში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება შედარებით განიმუხტა. ცოტა ხნის წინ კი, მიტინგზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა სულ მცირე ორი დემონსტრანტი.

პოლიციამ მოედანზე მავთულხლართები დაამონტაჟა და დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები, მათ შორის ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენა.

ადგილობირივი მედიასაშუალებების ცნობით, დაძაბულობა მიტინგზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანმა მოითხოვა, რომ ის და მისი სამი თანმხლები პირი პარლამენტის (ეროვნული კრება) შენობაში შეეშვათ. ერევნის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ სამართალდამცავები მხოლოდ დეპუტატებს გაატარებდნენ. ამის შემდეგ ფაშინიანი პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადა.  დაპირისპირებისას დეპუტატი დაშავდა. ნიკოლო ფაშინიანი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მას ხელი აქვს დაზიანებული.

დემონსტრანტები ბაგრამიანის გამზირზე, სომხეთის პარლამენტის შენობასთან რჩებიან და ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებენ.

13 აპრილს ოპოზიური ფრაქცია „ელქის” ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით საპროტესტო აქციები დაიწყო. ფაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ -მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ. პარლამენტში სხდომა ხვალისთვისაა დაგეგმილი, სადაც სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.