ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის მიერ ორგანიზებული მარში გაიმართა. სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობა ცხრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ერევნის თითქმის ყველა რაიონი მოიარა.
„ჩვენი მარში მესამე რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია. ერთ დღეში ჩვენ 37 კილომეტრზე მეტი გავიარეთ.ამ მარშით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ნება ქვაზე მტკიცეა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა მიტინგზე.
ამასთან, სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად მას მტკიცე უმრავლესობის მოპოვება უნდა, რათა დაწყებული რეფორმები გააგრძელოს და „ეკონომიკური რევოლუცია“ განახორციელოს.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ოფიციალურად ფაშინიანი ქალაქ გიუმრიდან გეგმავს. სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო მან საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ხავერდოვანი რევოლუციით დასრულდა.
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართება.