ერევანში 11 ნოემბერს დემონსტრაციაა დაგეგმილი
ერევანში 11 ნოემბერს დემონსტრაციაა დაგეგმილი

სომხეთის დედაქალაქში 11 ნოემბერს დემონსტრაციაა დაგეგმილი. როგორც სომხური გამოცემა „ნიუს ამი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია 17 პარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიტინგი ერევანში, თავისუფლების მოედანზე ჩატარდება.

„სამწუხაროდ, გუშინ დაიწერა ჩვენი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო გვერდი. იმ ჯარისკაცების ზურგს უკან, რომლებიც საკუთარი სისხლით იცავენ მიწასა და სახელმწიფოებრიობას, ყველა ჩვენგანის ზურგს უკან ხელი მოეწერა მოღალატეობრივ შეთანხმებას. ამჟამად უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი კოლექტიური ერთიანობა, შიდა არეულობებისა და პროვოკაციების გამორიცხვა. ხვალ, 11 ნოემბერს, 13:00 საათზე ყველას ვიწვევთ მიტინგზე ერევანში, თავისუფლების მოედანზე, სადაც წარმოდგენილი იქნება შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი“, – ნათქვამია 17 პარტიის საბჭოს განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ, გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა.