ერდოღანი - ჩვენ არ დავივიწყებთ მათ, ვინც ერთ ღამეში სიკვდილზე გაგზავნა მილიონობით ყირიმელი თათარი და მესხეთელი თურქი
ერდოღანი - ჩვენ არ დავივიწყებთ მათ, ვინც ერთ ღამეში სიკვდილზე გაგზავნა მილიონობით ყირიმელი თათარი და მესხეთელი თურქი

ჩვენ არ დავივიწყებთ მათ, ვინც ერთ ღამეში სიკვდილზე გაგზავნა მილიონობით ყირიმელი თათარი და მესხეთელი თურქი, – სააგენტო „ანადოლუ“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, არქივისა და ისტორიული კვლევის სიმპოზიუმზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ვინც თურქეთს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ლექციას უკითხავს, სწორედ მას აქვს სისხლიანი ისტორია.

„ყველას, ვინც გასულ საუკუნეებში პასუხისმგებელია მკვლელობებზე, ახლა ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფლების ნიღაბი უკეთია“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ასევე ცხადია, ვინ დაიწყო პირველი და მეორე მსოფლიო ომები, როდესაც ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მკვლელობები მოხდა და 70 მილიონი ადამიანი დაიღუპა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვინც ჰოლოკოსტზე საუბრობს, მეხსიერებიდან უკვე წაშალეს ებრაელთა დევნა და საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებიც ევროპაში 80 წლის წინ შექმნეს. მისივე თქმით, მილიონობით ადამიანი მხოლოდ იმისთვის მოკლეს, რომ თურქები და მუსლიმები იყვნენ.