ერდოღანმა ნატო-ს ლიდერებს პერსონალური რევოლვერები აჩუქა
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გიტანას ნაუსედასთვის ნაჩუქარი რევოლვერი, რომელზეც ლიეტუვის პრეზიდენტისთვის სახელია ამოტვიფრული. იარაღი, რომელსაც თან ახლავს ტყვიების კომპლექტი, ვილნიუსში გამართული პრესპრეზენტაციაზე გამოიფინა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარის სამიტის დასრულების, შემდეგ ნატო-ს ლიდერებს პერსონალური, საბრძოლო ვაზნებით დატენილი რევოლვერები გადასცა, რამაც საპატიო სტუმრები საგონებელში ჩააგდო და მათი უსაფრთხოების სამსახურების შეშფოთება გამოიწვია.
ამ ამბის დეტალები გამოცემა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პირველი იყო, ვინც ეს უჩვეულო საჩუქარი ახსენა. ანკარის ორდღიანი სამიტიდან დაბრუნების შემდეგ, მან განაცხადა, რომ პერსონალური რევოლვერი მიიღო. მსგავსი საჩუქრები სხვა ლიდერებსაც გადაეცათ. იარაღთან ერთად, წითელ კოლოფში იდო ექვსი საბრძოლო ვაზნა და ჩანაწერი, რომელიც რევოლვერებს საექსპორტო კონტროლისგან ათავისუფლებდა.
„ნატო-ს სამიტზე პრეზიდენტ ერდოღანისგან უჩვეულო საჩუქარი მივიღე – „მაგნუმის“ ტიპის რევოლვერი ვაზნებთან ერთად, რომელზეც ჩემი სახელია ამოტვიფრული“, – დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა მხოლოდ თვითმფრინავის სამშობლოში დაშვების შემდეგ გაიგო, თუ რა საჩუქარი მიიღო სამიტის მასპინძლისგან. მან რევოლვერი დაუყოვნებლივ გადასცა აეროპორტის პოლიციას სეიფში შესანახად. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას კუთვნილ იარაღებთან დაკავშირებული ფორმალობებიც ასევე დე ვევერის გუნდმა მოაგვარა, რადგან ორივე მათგანის რეზიდენცია ბრიუსელშია.
ფონ დერ ლაიენმა ერდოღანს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა. მისმა პრესსპიკერმა დასძინა, რომ დეაქტივაციის შემდეგ, რევოლვერს სამხედრო მუზეუმს გადასცემენ.
რამდენიმე რევოლვერი – მათ შორის სტარმერის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რობ იეტენის კუთვნილი იარაღები – ამ დრომდე ანკარაში რჩება. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ კი რევოლვერი თან წაიღო, თუმცა საბრძოლო ვაზნები თურქეთში დატოვა. კანადელ ოფიციალურ პირებს ამის მიზეზი არ განუმარტავთ. რაც შეეხება შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის რევოლვერს, ქვეყანაში მას სტანდარტული პროცედურების შესაბამისად ჩაიტანენ.
სამიტებზე საჩუქრების გაცვლა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღება იშვიათად ხდება საჭირო. უჩვეულმა საჩუქარმა რამდენიმე დელეგაცია ძალიან გააოცა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედიის შეკითხვებს არ უპასუხა.
სტატიის ავტორი: დანილო ოსტროვერხოვ-ნავიცკი უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)
ფოტოს ავტორი: ეიტვიდას კინატისი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“