ერდოღანმა არაოფიციალურად საარჩევნო კამპანია გახსნა
ერდოღანმა არაოფიციალურად საარჩევნო კამპანია გახსნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საარჩევნო კამპანია არაოფიციალურად გახსნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქალაქ იზმირში ჩავიდა და მომხრეებს შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა 24 ივნისს დანიშნულ არჩევნებს „ისტორიული“, ხოლო ოპოზიციური პარტიის ლიდერ ქემალ კილიჩდაროღლუს „დიქტატორი“ უწოდა.

„მჯერა, რომ 24 ივნისს დაგეგმილ არჩევნებზე მიღებული ხმებით, ისტორიულ რეკორდს დავამყარებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე დანიშნა. მისი თქმით, თურქეთს სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი, რათა მოსაზღვრე სირიაში ომს და ეკონომიკურ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

თუ ერდოღანი არჩევნებში გაიმარჯვებს, ის თურქეთის პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელსაც შარშან ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად უფლებამოსილება გაეზრდება.