ერდოღანი - ვისაც დოლარი ან ევრო ბალიშის ქვეშ გიდევთ, წადით და ლირაში გადაიყვანეთ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, მათ ხელთ არსებული დოლარი და ევრო ეროვნულ ვალუტა – ლირაში გადაიყვანონ. სავალუტო კრიზისის შედეგად, 2008 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად, თითქმის 20%-ით გაუფასურდა და ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
ინფლაციის მაჩვენებელი თურქეთში 13%-ს შეადგენს. ეროვნული ვალუტის მხარდასაჭერად სტამბოლის საფონდო ბირჟამ უცხოური ვალუტის აქტივები ლირაში უკვე გადაიყვანა.
„ჩვენო ძმებო, ვისაც დოლარი ან ევრო ბალიშის ქვეშ გიდევთ, წადით და ლირაში გადაიყვანეთ თქვენი ფული“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერზრუმში სიტყვით გამოსვლისას.
ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 24 ივნისს გაიმართება.