რეჯეფ თაიფ ერდოღანი საუდის არაბეთს მიმართავს - ვინ გასცა ხაშოგის მოკვლის ბრძანება და სად არის მისი ცხედარი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საუდის არაბეთისგან ითხოვს პასუხს, ვინ გასცა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება და სად არის მისი ცხედარი. ერდოღანის თქმით, ამჟამად თურქეთი აღნიშნულ საქმეზე გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე აქამდე.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, თურქეთის პრეზიდენტი ერ-რიადისგან ასევე ითხოვს, გაასაჯაროოს „ადგილობრივი თანამშრომლის“ სახელი, რომელმაც საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, ჟურნალისტის ცხედარი წაიღო.
„ვინ გასცა ეს ბრძანება? ვინ უბრძანა 15 ადამიანს თურქეთში ჩამოსვლა?“, – იკითხა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, მმართველი პარტიის წევრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ერ-რიადიდან თურქეთში 15 საუდელი აგენტი ჩავიდა. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ხაშოგის მკვლელობასთან ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს არანაირი კავშირი არ აქვს. თავად პრინცმა კი, პირობა დადო, რომ მკვლელობაში დამნაშავეებს დასჯის.
თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია იყო. თურქული მედიის ცნობით, ხაშოგი საკონსულოში მოკლეს, ცხედარი კი დაანაწევრეს.