ერაყში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერაყში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ერაყში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის პარლამენტის 329 მანდატისთვის 167 პარტია და 3200-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 25 მილიონ ადამიანს აქვს, თუმცა ექსპერტთა შეფასებით, ხელისუფლებისადმი უნდობლობის მაღალი ხარისხისა და ღრმა კრიზისის გამო, მოსახლეობის აქტივობა დაბალი იქნება.

საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარებულიყო. მათი ადრეული ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ 2019 წლის შემოდგომიდან ქვეყანაში მასობრივი ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებმა მინისტრთა კაბინეტის გადადგომა გამოიწვია, რომელიც 2018 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდა. საპროტესტო მოძრაობის ლიდერები არჩევნების ბოიკოტს ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ არსებული პოლიტიკური სისტემა კენჭისყრის შედეგის მიუხედავად, ვერ შეძლებს ცვლილებების უზრუნველყოფას.

არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსები შიიტური კოალიციას აქვს იმამ მუქთა ალ-სადრის მეთაურობით, რომელიც ტრადიციულად სოციალურ სამართლიანობას, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობას და ერაყის შიდა საქმეებში უცხოელების ჩაურევლობას ითხოვს.

გამარჯვების კარგი შანსები აქვს ბლოკ „ალ-ფათჰს“, რომელსაც ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ჰადი ალ ამირი ხელმძღვანელობს, რომელიც ირანთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს.

ხმის მიცემის წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 24 საათის შემდეგ გამოქვეყნდება.

ერაყში არჩევნები უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების პირობებში მიმდინარეობს. არჩევნებზე პროვოკაციებისა და ტერაქტების თავიდან ასაცილებლად, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოების სულ მცირე 250 ათასი თანამშრომელი. გარდა ამისა, ქვეყანაში დაკეტილია ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი და აეროპორტი.