ერაყში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა
ერაყში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა

ერაყის ქალაქ ბასრაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო, ერაყის ხელისუფლებამ ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა.

აქციების გამო, დაკეტილია ერაყის მთავარი პორტი, უმ ყასრის, რომელიც ბასრადან 60 კილომეტრში მდებარეობს.

ბასრას მოსახლეობა ინფრასტრუქტურის პრობლემებს, უშუქობასა და კორუფციას აპროტესტებს. ბასრას მოქალაქეები ამბობენ, რომ სასმელ წყალს მარილი შეერია, რის გამოც რამდენიმე ასეული ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა.

ერაყის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქალაქის უსაფრთხოებას უსაფრთხოების ძალები და სწრაფი რეაგირების დანაყოფები უზრუნველყოფენ.

საპროტესტო გამოსვლების დროს დემონსტრანტებმა ბასრა-ბაღდადის ავტომაგისტრალი გადაკეტეს და რეგიონული მთავრობის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

3 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, საერთო ჯამში შვიდი ადამიანი დაიღუპა.