ერაყში არეულობის გამო, ირანმა ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა
ერაყში არეულობის გამო, ირანმა ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა

ერაყში არსებული არეულობის გამო, ირანმა ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „რეიტერის“ (Reuters) ცნობით, აღნიშნული სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან ერთს, ირანელი პილიგრიმები საკმაოდ აქტიურად იყენებენ. თუმცა როგორც ირანში იუწყებიან, ერაყში ყოველწლიურ შიიტურ დღესასწაულზე დასასწრებად ირანელ მორწმუნეებს შეუძლიათ სხვა სასაზღვრო გამშვები პუნქტებით ისარგებლონ.

ერაყში ბოლო რამდენიმე დღეა არეულობა არ ცხრება. კორუფციის, უმუშევრობისა და ქვეყანაში არსებული სოციალური პირობების წინააღმდეგ მიმდინარე აქცია გუშინ მასშტაბურ შეტაკებაში გადაიზარდა.

2 ოქტომბერს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლმდენი აირი და ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს. არეულობებს 18 ადამიანი შეეწირა. მათ შორის, არის ერთი მცირეწლოვანი. დაშავებულია ასობით პირი. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის დემონსტრანტები და სამართალდამცველები არიან.