ერაყში რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, ბაღდადის ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.
საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი უმუშევრობის მაღალი დონე, სახელმწიფო სერვისების არარსებობა და მთავრობაში არსებული კორუფცია იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დემონსტრაციის დარბევისას სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს და ადამიანები დაიღუპნენ, აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების შეცვლა მოითხოვეს.
დედაქალაქის გარდა, აქციები იმართება ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში. გასული ღამის განმავლობაში დაპირისპირებას ქალაქ დივანიაში ორი პოლიციელი და აქციის ორი მონაწილე ემსხვერპლა. სამი ადამიანი ბაღდადში დაიღუპა, ერთი კი ქალაქ ჰილაში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეიარაღებული ძალების ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს.