ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადის კოვიდკლინიკაში ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადის კოვიდკლინიკაში ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაღდადის კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სულ მცირე 27 გარდაცვლილის შესახებ.

სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 110 ადამიანი. გარდაცვლილთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი სულ მცირე 28 კოვიდინფიცირებულია, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ერაყის დედაქალაქში მდებარე საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანძარი ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩნდა.

ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქადიმიმ ჰოსპიტალის დირექტორი, ასევე ბაღდადის ჯანდაცვის დეპარტამენტის იმ რაიონის ხელმძღვანელი გაათავისუფლა თანამდებობიდან, სადაც კლინიკა მდებარეობდა.

„ასეთ საკითხებში დაუდევრობა არა შეცდომა, არამედ დანაშაულია, რომელზე პასუხი ყველა დაუდევარმა მხარემ უნდა აგოს“, – განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე.

მან ასევე მთავრობას 24-საათიანი ვადა მისცა გამოძიების შედეგების წარსადგენად.