ერაყის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
ერაყის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული არეულობის ფონზე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ადელ აბდულ მაჰდი თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურ წერილს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გაუგზავნის.

ერაყში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. აქტივისტები კორუფციის, უმუშევრობისა და ქვეყანაში არსებული სოციალური პირობების წინააღმდეგ გამოდიან. საპროტესტო აქციები კი, ხშირ შემთხვევაში არეულობებით სრულდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ერაყში დემონსტრაციების დროს მომხდარი არეულობების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცნობების შედეგად გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ დაღუპულების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუიარაღებელი დემონსტრანტები იყვნენ.