ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, – შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ერაყის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედროების ინფორმაციით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა. მუსტაფა ალ-კადიმი უვნებელი გადარჩა. თუმცა, არსებული ცნობებით, დაშავდა მისი პირადი დაცვის რამდენიმე წევრი. თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობა და მანქანა.

ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ერაყის ხელისუფლებას გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს იყო აშკარა ტერორისტული აქტი.

ერაყის შეიარაღებული ძალების მეთაურის პრესსპიკერის განცხადებით, ბაღდადის „მწვანე ზონაში“, სადაც სამთავრობო შენობები და საელჩოებია განთავსებული, ამჟამად უსაფრთხოების მდგომარეობა სტაბილურია.

თავდასხმა პრემიერის რეზიდენციაზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც ბაღდადში 10 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. 5 ნოემბერს ერაყის დედაქალაქის ქუჩებში გავიდნენ პროირანული შიიტური ფორმირებების პარტიის მომხრეები, რომლებმაც არჩევნების შედეგად პარლამენტში ძალაუფლება დაკარგეს. უსაფრთხოების ძალებსა და პროირანულ შიიტთა ჯგუფებს შორის დაპირისპირებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი