ექვსი ქართველი ტოპ-ლიგაში – წელი რეკორდით დაიწყო #1TVSPORT
ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ განსახორციელებელი და უკვე დადასტურებული ტრანსფერების შედეგად, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ბოლო წლებისთვის რეკორდული რაოდენობით ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს – ექვსი ლეგიონერი.
ქუთაისის „ტორპედოს“ მცველს, საბა გოგლიჩიძეს „ემპოლი“დაიმატებს და ის იტალიის სერია A-ს გუნდში ჩარიცხული მეოთხე ქართველი ფეხბურთელი იქნება. ეს იმ დროს, როდესაც იტალიის მთავარ ლიგაში აქამდე მხოლოდ ორ ქართველს, კახა კალაძეს (მილანი, ჯენოა) და ლევან მჭედლიძეს (ემპოლი, პალერმო) უთამაშიათ.
ოთხშაბათს „მეცში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის „აიაქსიდან“ იჯარით თამაშის უფლებას მიიღებს და, დიდი ალბათობით, 5 იანვარს საფრანგეთის თასზე ლოთარინგიული კლუბის ფორმით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ტოპ-5 ლიგის გუნდებში აქამდე ოთხი ქართველი თამაშობდა. იტალიის სერია A-ში სამი ლეგიონერი გვყავს – ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გამოდის, გიორგი კვერნაძე – „ფროზინონეში“, საბა საზონოვი კი – „ტორინოში“, ხოლო ესპანეთის ლა ლიგაში – გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია).
ტოპ-ლიგაში საქართველოს ფეხბურთელი 2019 წლის შემდეგ არ ჰყავდა, როდესაც „ემპოლი“ ლევან მჭედლიძემ დატოვა. 2020 წელს გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში მოედანზე „ლევანტეს“ ფორმით გავიდა და გარკვეული პაუზის შემდეგ პირველი ქართველი იყო, რომელმაც ტოპ-ლიგაში ითამაშა.