ექვსი ერი - ინგლისის პირველი მარცხი, უელსი ლიდერი გახდა
ექვსი ერი - ინგლისის პირველი მარცხი, უელსი ლიდერი გახდა

ქალაქ კარდიფის სტადიონ მილენიუმზე გაიმართა ექვსი ერის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი უელსისა და ინგლისის ეროვნულ გუნდებს შორის. ამ მატჩამდე ორივე გუნდი დანაკარგის გარეშე მივიდა (2 მოგება 2 მატჩიდან), თუმცა ბონუს ქულების წყალობით ინგლისი სატურნირო ცხრილში ორი ქულით უსწრებდა უელსს.

მატჩი ინგლისელთა დომინირებით დაიწყო და პირველი ტაიმი სწორედ მათი გამარჯვებით, 3-10 დასრულდა. ანგარიში ოუენ ფარელმა საჯარიმოთი გახსნა, რასაც კარის ლელო და ისევ ფარელის გარდასახვა მოჰყვა. უელსელებმა პირველ ნახევარში ამას მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხეს.

მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი გამოდგა.

მასპინძლებმა ჯერ ორი ჯარიმით შეამცირეს ანგარიში მინიმუმამდე (9-10), რასაც ინგლისმა ერთით უპასუხა (9-13), შემდეგ კი, 67-ე წუთზე, ჰილმა ლელო დადო და უელსი წინ გაიყვანა, რასაც გარდასახვის ზუსტი შესრულებაც მოგყვა და ანგარიში 16-13 გახდა.

ინგლისელებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, თუმცა უელსელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს და მატჩი 21-13 მოიგეს.

სამი ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერობა უელსმა ჩაიგდო ხელში (12 ქულა), მას ორი ქულით ჩამორჩება ინგლისი, მესამეზე კი საფრანგეთია, რომელმაც დღეს საკუთარ მოედანზე შოტლანდია დაამარცხა – 27-10.

ხვალ მესამე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ირლანდიისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.