ექვსი ერი - დაქვეითების სისტემის შემოღება ჩვენს გეგმებში არ შედის
ექვსი ერი - დაქვეითების სისტემის შემოღება ჩვენს გეგმებში არ შედის

ევროპის ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის „ექვსი ერის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დაქვეითება/დაწინაურების სისტემის შემოღება მათ გეგმებში არ შედის.

წამყვანი სარაგბო კავშირების ხელმძღვანელები კვირის დასაწყისში ერთმანეთს ლოს ანჯელესში შეხვდნენ და ახალი ყოველწლიური „მსოფლიო ლიგის“ შექმნა განიხილეს, რომელიც დაწინაურება/დაქვეითების პრინციპს ითვალისწინებს.

ამჟამად განხილული მოდელის მიხედვით, აღნიშნული ტურნირის დაარსების შემთხვევაში, „ექვსი ერის“ ბოლო ადგილოსანს „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ გამარჯვებულთან მოუწევდა დაპირისპირება, რათა მომდევნო „მსოფლიო ლიგის“ მონაწილის ვინაობა გარკვეულიყო.

საკმაოდ დიდი ხანია, რაც იტალია „ექვსი ერის“ აუტსაიდერია. მათ „ხის კოვზი“ ჩატარებული 19 ტურნირიდან 13-ჯერ დაიმსახურეს და მოცემულ მომენტში ზედიზედ 17 თამაში აქვთ წაგებული. მსოფლიო რეიტინგში იტალიაზე (15) წინ, მე-13 ადგილზე მყოფმა საქართველომ არაერთგზის გამოთქვა ტურნირში მონაწილეობის სურვილი, რომლის ორგანიზატორებსაც, თუკი „ტაიმსს“ (The Times) ვენდობით, „მდიდარ ბებერ ბიჭებს“ უწოდებენ. მას შემდეგ, რაც იტალია „ექვს ერში“ შევიდა, საქართველომ ევროპის რანგით მეორე დივიზიონი ათჯერ მოიგო. მიუხედავად აღნიშნულისა და მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშოს საჯაროდ გამოთქმული სურვილისა, რომ საქართველო ევროპის სარაგბო ელიტაში იხილოს, „ექვსი ერის“ აღმასრულებელი დირექტორი ბენ მორელი ამის შანსს გამორიცხავს.

„მსოფლიო ლიგა“ პლეიოფის სისტემით ჩატარდება და ფინალური დაპირისპირება ნეიტრალურ არენაზე გაიმართება. პირველი რანგის გუნდების გარდა ტურნირში იაპონია და ფიჯი ჩაერთვებიან.

არის შანსი იმისა, რომ შეთავაზებულ მოდელში მცირედი ცვლილების შეტანით, საქართველო ამ ახალ ტურნირზე მაინც მოხვდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ექვსი ერის“ ბოლო ადგილოსანი და „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ გამარჯვებული ერთმანეთს შეხვდებიან და მათ შორის უკეთესი „მსოფლიო ლიგის“ საგზურს მოიპოვებს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, „ექვსი ერის“ შემადგენლობაზე არ აისახება.