ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ექტორ კუპერმა ჟურნალისტებთან “ლივერპულის” ფორვარდ მოჰამედ სალაჰის აღდგენის ვადებზე ილაპარაკა. ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო.
“სალაჰი ძალიან ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას იღებს. მისი აღდგენითი პროცესი შესანიშნავად მიდის, აკეთებს ვარჯიშებს, რომელიც არა მხოლოდ დაზიანებულ მხარს შველის, არამედ, ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. სალაჰი მაქსიმალურად ცდილობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური ახალი ამბებია. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ველოდებით, რომ ის ურუგვაისთან პირველი მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იქნება მზად. სალაჰი გუნდს 8-9 ივნისს შემოუერთდება. იმედი გვაქვს და პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ ის მზად იქნება ურუგვაისთან სათამაშოდ”, – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.