ექსტრემალური სპორტი - უნიკალური ნახტომი 294 მეტრის სიმაღლიდან [ვიდეო] #1TVSPORT
ამერიკელმა სპორტსმენმა, ბრაიან გრუბმა, რომელიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონია ვეიკსკეიტინგში, დაუჯერებელი პროექტი განახორციელა: მსოფლიოში პირველად გააერთიანა ვეიკსკეიტინგი (Wake skating) დრონის გამოყენებით და პარაშუტით ხტომა (BASE jumping).
ეს ტრიუკი პანორამულ აუზში შესრულდა, რომელიც დუბაის ერთ-ერთი სასტუმროს სახურავზე, 294 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი პანორამული აუზი, გინესის რეკორდების წიგნშია შესული.
თავდაპირველად სპორტსმენმა დრონის დახმარებით 77-ე სართულზე განთავსებული აუზის ზედაპირზე 94 მეტრი ისრიალა, შემდეგ ტრამპლინზე ავიდა და პარაშუტით ძირს წარმატებულად დაეშვა. ეს უნიკალური ტრიუკი ექსტრემალური სპორტის ისტორიაში WakeBase-ის სახელით შევიდა, მისი განხორციელება სპორტსმენმა 7 წლის წინ ჩაიფიქრა.
დუბაი ცნობილია, როგორც სპორტის ექსტრემალური სახეობების ჰაბი და თავგადასავლების მაძიებლებისთვის გასაოცარი მიღწევების ცენტრალური ადგილი.
„ტრიუკის დაგეგმვისას ჩვენ საცურაო აუზიან მაღალ ადგილს ვეძებდით. არჩევანი დიდი არ იყო. ბოლოს აღმოვაჩინეთ შესაბამისი სასტუმრო დუბაიში, რომელსაც ყველაზე მაღალი პანორამული საცურაო აუზი აქვს მსოფლიოში. შენობა თითქოს სპეციალურად ჩვენთვის იყო დაპროექტებული. როგორც კი თვალი მოვავლეთ, მივხვდით, რომ ჩვენი ნამდვილი მისიაც დაიწყო“, – აღნიშნა ბრაიან გრუბმა.