ექსპერიმენტული შემადგენლობა და მოულოდნელი შედეგი - ასათიანის გუნდი ყირგიზეთის ნაკრებს ხვალაც დაუპირისპირდება #1TVSPORT
ექსპერიმენტული შემადგენლობა და მოულოდნელი შედეგი - ასათიანის გუნდი ყირგიზეთის ნაკრებს ხვალაც დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ყირგიზეთს უმასპინძლა და მოულოდნელად დამარცხდა.

სერბეთის წინააღმდეგ ორი ამხანაგური მატჩის კარგად ჩატარების შემდეგ, გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისგან მხოლოდ მოგებას ელოდა, მაგრამ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში ავთანდილ ასათიანი სხვა მიზანს ისახავდა.

ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო სტაფმა ექსპერიმენტები ჩაატარა, ყველა მოთამაშე ნახა და ამდენად, ამ შეხვედრაში შედეგზე დიდი მნიშვნელობა სათამაშო სქემების გამოცდასა და მოთამაშეთა დაკვირვებას მიენიჭა.

არადა, ჩვენმა ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო და მე-4 წუთზე რონინიოს და ელისანდროს განვითარებული შეტევით გუნდი ირაკლი თოდუამ დააწინაურა. დიდი უპირატესობის და საგოლე მომენტების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა სხვაობა არათუ ვერ გაზარდა, მე-13 წუთზე გოლი გაუშვა.

ჩვენი ნაკრების კარი შოხრუხ მაჰამადამინოვმა აიღო და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ისევ შეუტია, ისევ არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ სტუმრებმა მე-17 წუთზე კონტრშეტევა განახორციელეს, შოხრუხ მაჰამადამინოვმა დუბლი შეასრულა და სტუმრები დააწინაურა.

ჩვენი გუნდის მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში ყირგიზეთის ნაკრებს გოლი ვეღარ გაუტანეს და შეხვედრა სტუმრებმა 1:2 მოიგეს. ხვალ გუნდები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან და წლის მოგებით დასრულებას შეეცდებიან.