საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი მატჩი გამართა, უკრაინასთან მოიგო, ესპანეთთან დამარცხდა. ჩვენი გუნდის თამაშებს რეგულარულად თვალს ადევნებს პირველი ქართველი NBA-ელი ვლადიმერ სტეფანია.
მან დღევანდელი ნაკრების თამაშებიც შეაფასა და 90-იანი წლების ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა. თავად სტეფანიას ნაკრებში ჩატარებულ 19 მატჩში 291 ქულა და 155 მოხსნა აქვს.
„ნაკრების თამაშებს მუდმივად თვალს ვადევნებ. კონკრეტულად ამა თუ იმ შეხვედრის შეფასებას არ დავიწყებ, განვაზოგადებ: საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა თავის სფეროში სასწაული მოახდინა – პატარა ქვეყნის წარმომადგენელმა ევროპულ კალათბურთში ღირსეული ადგილი დაიკავა, ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ევრობასკეტი 2022-ს მასპინძლობს. მსგავსი მიღწევებით ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი მოსახლეობის სახელმწიფოებიც ვერ დაიკვეხნიან, თუნდაც რუმინეთი, ბელარუსი, უკრაინა, აზერბაიჯანი… საქართველო კი სერბეთსაც ამარცხებს, საბერძნეთსაც… ეს დიდი მიღწევაა, რასაც გაფრთხილება უნდა“.
ვლადიმერ სტაფანიამ გაიხსენა ის წლები, როდესაც ნაკრებში თავადაც თამაშობდა:
„20 წლის წინ საქართველოში ომი და გაჭირვება იყო. ლიუბლიანაში ვთამაშობდი. იქიდან ტეიპები (კოჭსახვევები) მომქონდა, ჩვენთან ვერ იშოვიდით. ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემა იყო. ეს იყო არა 200, არამედ 20 წლის წინ. ვინ იფიქრებდა, რომ მოკლე დროში ნაკრები ევროპულ კალათბურთში ასე დაიმკვიდრებდა ადგილს. ეს სამაგალითოა, გადამდები უნდა იყოს ყველა სფეროსთვის“.
2022 წლის სექტემბერში თბილისი ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის 15 მატჩს უმასპინძლებს. საქართველოს მეტოქეები იქნებიან: ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბულგარეთი და ბელგია.
„მწვრთნელი, ილიას ზუროსი ძალიან მომწონს. თანამედროვე სტილის სპეციალისტია. ჩვენი ნაკრების პრობლემა ყოველთვის იყო უკანა ხაზი. წინა ხაზში გვყავს შერმადინი, ბითაძე, შენგელია, მამუკელაშვილი, ბურჯანაძე. ასეთი შემადგენლობა დიდი ფუფუნებაა პატარა ქვეყნისთვის, თუმცა ისევე როგორც ხვანჭკარის დაყენების ტრადიცია შევინახეთ, ქართული სიმღერა შევინარჩუნეთ, ასევე ტრადიციულად, ყოველთვის გვყავს მსოფლიოს მასშტაბის კალათბურთელები. ჩვენი ნაკრების წინა ხაზს „ფერერის“ შევადარებდი, უკანა ხაზს – ჩვეულებრივ ჯიპს. ეს ერთგვარი პრობლემაა, თუმცა ძალიან ბევრია სამუშაო, რომ მექანიზმმა გამართულად იმუშაოს და ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე შედეგს მიაღწიოს. ზოგის აზრით, ევრობასკეტზე საუკეთესო ათ გუნდში მოხვედრა შეგვიძლია, ზოგი ტოპ-6-ზე ფიქრობს. ჩემთვის კი უკვე საამაყოა, რომ დღეს საქართველოს ნაკრებს ევროპაში დიდი სიფრთხილით უყურებენ და დიდად აფასებენ“.
ვლადიმერ სტეფანიამ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ თად მაკფადენზეც ისაუბრა:
„თადი ძალიან კარგად თამაშობს. ეტყობა, რომ ჩვენებსაც მშვენივრად უგებს. თუმცა უფრო მაღალი დონის ამერიკელს ვისურვებდი. შერმადინი, შენგელია და ბითაძე ევროპის „ოლ სტარის“ დონის კალათბურთელები არიან. მაიკ ჯეიმსის დონის მოთამაშე რომ გვყავდეს, კიდევ უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლებოდა. ჯეიმსს ხომ მარტოს შეუძლია მატჩის მოგება. თუმცა ამა თუ იმ კალათბურთელის სახელი სულაც არ ნიშნავს, რომ ჩამოვა და საქართველოს ნაკრებში კარგად ითამაშებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოახერხებს ქართველებთან ადაპტაციას. მაკფადენს ამ მხრივ პრობლემები არა აქვს – ყოველთვის გულითა და დიდი მონდომებით თამაშობს“.
მანუჩარ მარკოიშვილმა კარიერა 2020 წელს დაასრულა. იგი ერთადერთი ქართველი უკანახაზელი იყო, რომელიც წლების განმავლობაში ევროლიგაში თამაშობდა.
„საქართველოს ნაკრებს სწორედ მანუჩარისნაირი კალათბურთელი სჭირდება, რომელსაც პრესინგიც მაღალ დონეზე შეუძლია, პერიმეტრიდან ტყორცნაც და ა.შ. მარკოიშვილი დღევანდელ ნაკრებში პაზლის მნიშვნელოვანი დეტალივით იდეალურად ჩაჯდებოდა. დასანანია, რომ კარიერა დაასრულა“.
ვლადიმერ სტეფანიამ 90-იანი წლების ნაკრებზეც ილაპარაკა და ერთი საიდუმლოც გაგვანდო:
„საქართველოდან 1993 წელს სლოვენიაში გავემგზავრე. მაშინ საქართველოს ნაკრები არ არსებობდა და იქაურებმა სლოვენიის მოქალაქეობა მომცეს – გვინდა ნაკრებში ითამაშოო. ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამომიძახეს და ამერიკაში წამიყვანეს ტურნეზე. როდესაც საქართველოს ნაკრები შეიქმნა და მიმიწვიეს, სლოვენიელებს ვუთხარი – ქართველი ვარ და „ჯორჯიის“ ნაკრებში თამაში მინდა-მეთქი.
ჩვენს ნაკრებს ურთულეს პირობებში უწევდა ვარჯიში და თამაში. რეჟიმის დაცვა, სპორტულად ცხოვრება ძალიან რთული იყო, თუმცა ამის მიუხედავად ნაკრების თითოეულ კალათბურთელს ძალიან უყვარდა სპორტის ეს სახეობა, ყველაფერს გვერდზე დებდა და დარბაზში მოდიოდა. სწორედ მათმა მონდომებამ და ენთუზიაზმმა მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს საქართველოს მთელი საკალათბურთო მსოფლიო იცნობს“.