ფოტოს ისტორია | ვლადიმერ სტეფანია - მაიკლ ჯორდანი ფარქვეშ შემოვიდა, ორივე ხელი ჩავარტყი, მაგრამ ბურთი მაინც კალათში ჩაეშვა [ვიდეო] #1TVSPORT

ტაიმაუტის“ რუბრიკა „ფოტოს ისტორიას“ საინტერესო სტუმარი ჰყავდა – ვლადიმერ სტეფანია. საქართველოს ნაკრებისა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა კალათბურთელმა, იმ ფოტოს შესახებ ისაუბრა, რომელიც 2001 წლის 30 ნოემბერს, „მაიამი ჰიტიში“ თამაშის დროს არის გადაღებული და მისი და ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის დაპირისპირებას ასახავს.

– 2001-02 წლების სეზონში „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშეთ, ერთხელ წავაგეთ და ერთხელ მოვიგეთ. თამაშის წინ, როდესაც ჯორდანი ჩვენს წინააღმდეგ თამაშობდა, მაიამიში ცერემონია გაიმართა. ჩვენმა მწვრთნელმა პეტ რაილიმ ჯორდანის მაისური, როგორც ლეგენდის, დარბაზში ​ჩამოკიდა. ეს არის საკმაოდ უცნაური ფენომენი, როდესაც სხვა გუნდი შენს მაისურს დარბაზში გამოფენს. რომ ყოფილიყო „ჩიკაგო“ ან „ვიზარდსი“ პრობლემა არ არის, ეს ნორმალურია, მაგრამ ჯორდანს არასდროს არ უთამაშია „მაიამიში“. მაისური იყო დაყოფილი: ნახევარი წითელი – „ჩიკაგოს“ ფორმის ფერი და მეორე ნახევარი ​„ვიზარდსის“.

– რაც შეეხება ფოტოს, სეზონის დასაწყისში ბევრი მატჩი წავაგეთ (14-დან მხოლოდ 2 მოვიგეთ). დაახლოებით ერთი თვე ცუდად ვთამაშობდით. „ვაშინგტონთან“ მატჩში, როცა მოედანზე შევედი, ვაგებდით, არაორგანიზებულად ვთამაშობდით და ცოტა ბრაზი მქონდა. ჯორდანი რომ შემოვიდა ჩემს გუნდელს გასცდა, თან ეს ის ჯორდანი არ იყო – სისწრაფე აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც ძველებურად შემოვიდა და ორივე ხელით ძალიან მაგრად ჩავარტყი. ეს ფოტო არის კონტაქტის შემდეგ. ხელები ავწიე, ჯორდანი გვერდით დავარდა და  სასტვენის ხმაც გაისმა. მთავარი კი ის იყო, რომ მან ბურთი ააგდო და… ბურთი ჩავარდა.

– ჩემ დროს თამაშობდნენ კობი ბრაიანტი, შაკილ ონილი, კევინ გარნეტი, იაო მინი… ძალიან ძლიერი მოთამაშეები იყვნენ და მთელი გუნდი თამაშობდა მათზე. მას იჭერდი თუ არა, თვალი არ უნდა მოგეცილებინა, როგორ დავიჭირო და როგორ გავაჩეროო, უნდა გეფიქრა. ყველა გუნდს ყავდა მსგავსი მოთამაშეები მაგრამ რაც მახსენდება 5-10 კაცია, რომელზეც ასე ვფიქრობდით. მე რომ ვეთამაშებოდი, ჯორდანი მაშინ არ იყო იმ კატეგორიის, რომ მთელ გუნდს მაიკლი დაეჭირა. ჩააგდებდა ოც ქულას, მაგრამ სხვები, მაგალითად რიჩარდ ჰამილტონი, რომელიც შეიძლება განსაკუთრებული მოთამაშე არ იყო, მაგრამ უფრო ბევრს აგდებდა. ძველ თამაშებს რომ ვუყურებ, მაშინდელს, როცა ჯორდანი ჯორდანობდა ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გააჩერო.

ეს შეხვედრა საბოლოოდ „ვიზარდსის“ გამარჯვებით – 84:75 დასრულდა. მაიკლ ჯორდანმა თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და 38 წუთი ითამაშა, 22 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. რაც შეეხება ქართველ ცენტრს, მან 10 წუთი ითამაშა და როგორც საკუთარ, ისე მეტოქის ფარზეც ბურთი 2-2-ჯერ მოხსნა.  სტეფანიას ამ შეხვედრაში ქულები არ ჰქონია. მის სტატისტიკურ მონაცემებში კი ამ თამაშიდან სწორედ ის ერთადერთ ჯარიმა კი, რომელიც ამ შეხვედრის სტატისტიკურ მონაცემებში უწერია, სწორედ ფოტოზე ასახულ ეპიზოდში აიღო.

ვლადიმერ სტეფანია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა. 1998 წლის დრაფტზე, ის მაშინ საკმაოდ წარმატებულმა „სიეტლ სუპერსონიქსმა“ პირველივე რაუნდში აიყვანა. „სიეტლის“ გარდა სტეფანიამ ამერიკული კარიერის მანძილზე „ბრუკლინ ნეტსში“, „მაიამი ჰიტიში“ და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში“ ითამაშა.