ექსკლუზივი - ვის დაუჭერს მხარს საქართველო მსოფლიო რაგბის არჩევნებში
ექსკლუზივი - ვის დაუჭერს მხარს საქართველო მსოფლიო რაგბის არჩევნებში

მსოფლიოს რაგბის ორგანიზაცია 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება. ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – მოქმედი თავმჯდომარე, ინგლისელი ბილ ბიმონტი და ვიცე-პრეზიდენტი, არგენტინელი აგუსტინ პიშო. არჩევნები ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება, რომელიც 27 აპრილს დაიწყება და 30 აპრილამდე გაგრძელდება, შედეგები კი 12 მაისს, მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდება.

ახლად არჩეული თავმჯდომარე მსოფლიო რაგბის მმართველ ორგანოს 4 წლის ვადით ჩაიბარებს. უცხოური მედია კანდიდატების შანსს 50/50-ზე აფასებს. გამოცემა „ობსერვადორი“ არჩევნებზე ხმის გადანაწილების შესაძლო ვერსიას გვთავაზობს, სადაც საუბარია, რომ ორივე კანდიდატს უკვე 24-24 ხმა განაღდებული აქვს, ახალი პრეზიდენტის ბედს კი სამოა, რუმინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტენ.

აღნიშნულ სტატიაში საქართველო პიშოს მხარდამჭერთა შორის არის მოხსენიებული, თუმცა ქართული მხარე მსოფლიო რაგბის მოქმედი თავმჯდომარის, ბილ ბიმონტის ბანაკშიც არაერთხელ დასახელდა. ეს ყველაფერი სხვადასხვა მედიასაშუალების წინასაარჩევნო ვარაუდები გახლავთ. პირველი არხი რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მოახლოებულ არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„მსოფლიო რაგბის მოთხოვნით, ყველა კავშირს ეკრძალება არჩევნების წინ პოზიციის დაფიქსირება საჯაროდ. შესაბამისად, საქართველოს რაგბის კავშირი ამ კითხვაზე პასუხს ვერ მოგცემთ. მედიაში გავრცელებულ ვარაუდს, თითქოს საქართველოს რაგბის კავშირი მხარს უჭერს მსოფლიო რაგბის მოქმედ პრეზიდენტს, საფუძველი არ გააჩნია. ეს არის ჭორი, ვინაიდან საქართველოს რაგბის კავშირს არსად ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ჩვენ მხარს დავუჭერთ მსოფლიო რაგბის რადიკალურ რეფორმებს, რომელიც, გარდა იმისა, რომ რაგბის მსოფლიოში მზარდ პოპულარობას მოემსახურება, ასევე შეამცირებს ე.წ. პირველი და მეორე დონის ქვეყნებს შორის დაფინანსების სხვაობას და ქართული რაგბის უფრო მეტი ტემპით განვითარებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა გოჩა სვანიძემ.