ექსკლუზივი | ოლიმპიური თამაშები ყველა სპორტსმენის ოცნებაა - ქართველი მოკრივეები ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადებიან #1TVSPORT
XXXII ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 10 დღეზე ნაკლები დარჩა. ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ ტოკიოში ოლიმპიური ცეცხლი 23 ივლისს აინთება, გახსნიდან მეორე დღეს კი მოკრივეთა 1/16-ფინალური შეხვედრები დაიწყება. კოკუგიკანის დარბაზში გაშლილ რინგზე, სამი ქართველი სპორტსმენი გავა. მათგან ტურნირში პირველი ესკერხან მადიევი ჩაერთვება. 23 წლის მოკრივე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია და იაპონიაში კარიერის მთავარი მიღწევისთვის მიდის.
ესკერხან მადიევი ( -69კგ.): ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ბორჯომში ფიზიკური შეკრება გავიარეთ, ოლიმპიადისთვის ვემზადებით.. როგორც ყველა სპორტსმენი მეც ოქროსთვის მივდივარ. მთავარი მეტოქე ბრიტანელი მსოფლიოს პირველი ნომერია. ვნახოთ როგორ იქნება. მე მინდა ჩვენი ქვეყანა ვასახელო და გავიმარჯვო.
გუნდში ყველაზე ტიტულოვანი მინსკის ევროპული თამაშების ფინალისტი – 22 წლის სახილ ალახვერდოვია, რომელიც ასპარეზობაში 26 ივლის ჩაერთვება
სახილ ალახვერდოვი (-52 კგ.): ოლიმპიური თამაშები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ყველა სპორტსმენის ოცნება. როგორც ყველასი, ჩემი მიზანიც ოლიმპიური ჩემპიონობაა.
თანაგუნდელების მსგავსად მედლის მოსაპოვებლად მიდის ყველაზე გამოცდილი, 24 წლის გიორგი ხარაბაძეც.
გიორგი ხარაბაძე (-75კგ.): ვემზადებით სრული დატვირთვით. გავივლით თბილისში ბოლო ეტაპს და გავემგზავრებით ოლიმპიურ თამაშებზე. ჩემთვის მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. კარგ ფორმაში ვარ და შევეცდები საქართველოს ერთი მედალი მე ჩამოვუტანო.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი სამი ლიცენზიით კმაყოფილია, თუმცა რომ არა პანდემია და გაუქმებული ტურნირები, ფიქრობს რომ მეტის შანსი გვქონდა.
ბეჟან ჭიჭინავა – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი
– რა თქმა უნდა ამ სამი ლიცენზიით კმაყოფილები ვართ, იმიტომ, რომ დიდი ხანია სამი ლიცენზია ერთდროულად საქართველოში არ ყოფილა ჩამოტანილი. ისეთი კარგი გუნდი გვყავს მეტის მოლოდინიც გვქონდა, რომ ჩატარებულიყო მეორე სალიცენზიო ტურნირი. ჩვენ კიდევ დაგვრჩა რეზერვი და ისეთი კარგი ბიჭები, რომლებიც მოიპოვებდნენ საგზურებს ოლიმპიური თამაშებისთის.
– ჩვენ ნაკრებში ისეთი ჯანსაღი მდგომარეობაა, რომ დასახული გვაქვს გეგმა ყველა შეჯიბრისთვის. ვემზადებით შედეგისთვის და მედლებისთვის. ვგეგმავთ ამ ოლიმპიურ თამაშებზე, რომ მოვიპოვოთ მედალი..კონკრეტულად რომელი სინჯის იქნება ძნელი სათქმელია, მაგრამ ბიჭები ამისთვის იბრძვიან და ჩვენც ვემზადებით ავიღოთ მედალი და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა.
– ბორჯომში გავიარეთ შეკრება, სპეციალური ფიზიკური მომზადება გავიარეთ და თბილისში გავემგზავრეთ. გადავედით ტაქტიკურ მზადებაზე და აქედან პირდაპირ ტოკიოში, ოლიმპიურ თამაშებზე გავემგზავრებით.
ოლიმპიურ თამაშებზე კრივში ფინალური შეხვედრები ორიდან რვა აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.