ექსკლუზივი | მასიმო ამბროსინი - ჩვენთვის, „მილანის“ ვეტერანი ფეხბურთელებისთვის ასეთი მატჩები კარგი შესაძლებლობაა, დრო ერთად გავატაროთ #1TVSPORT
ექსკლუზივი | მასიმო ამბროსინი - ჩვენთვის, „მილანის“ ვეტერანი ფეხბურთელებისთვის ასეთი მატჩები კარგი შესაძლებლობაა, დრო ერთად გავატაროთ #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, მასიმო ამბორისინიმ ექსკლუზიურად პირველ არხთან საქართველოს ნაკრების ლეგენდებთან მოახლოებულ მატჩზე, საქართველოს ნაკრებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ლეგენდების მატჩზე

ჩვენთვის, „მილანის“ ვეტერანი ფეხბურთელებისათვის, ასეთი მატჩები მორიგი შესაძლებლობაა, დრო ერთად გავატაროთ. ვისაუბროთ იმაზე, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ ერთად ასპარეზობის პერიოდში. ძალიან კარგია, გასაოცარია და ბედნიერები ვართ, რომ ამის გაკეთების შანსი საქართველოში მოგვეცა.

გულშემატკივარს ჩვენი თამაშის ხილვა შეეძლება. პრობლემა ისაა, ჩვენ აღარ ვართ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც 20 წლის წინ ვიყავით. იმედია, არ ელიან, რომ იმავე დონის ფეხბურთს იხილავენ, რასაც მათ 15 წლის წინ ვთავაზობდით. ასეთი თამაშები მხოლოდ ფეხბურთი არაა, ლეგენდების დაპირისპირება ფანებში გრძნობებს და მოგონებებს აღძრავს. ვფიქრობ, ის ხალხი, ვინც დღეს სტადიონზე მოვა, არ ელის, რომ იხილავს ძალიან მაგარ საფეხბურთო თამაშს, მაგრამ შეიგრძნობს დადებით ემოციებს და ამით დაიმუხტება.

თბილისზე

აქ პირველად ვარ. იმედი მაქვს, მექნება დრო, თბილისი უკეთ გავიცნო. ქალაქში გავისეირნებ, თუკი მირჩევთ, რისი ხილვა შეიძლება, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

რას ნიშნავს „მილანი“ მასიმილიანო ამბროსინისთვის​

როდესაც „მილანში“ მივედი, 18 წლის ვიყავი და კლუბი 36 წლის ასაკში დავტოვე. ჩემთვის „მილანი“ ყველაფერია. მეტი, ვიდრე კლუბი ან უბრალოდ სამსახური. ყველაფერი. როდესაც გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის ხელშკრულება აღარ განეახლებინათ და გუნდი დავტოვე, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ურთულესი ეპიზოდი იყო, თითქოს ახლობელი ადამიანი დავკარგე. ზუსტად მახსოვს დღე, როდესაც გავიაზრე, რომ „მილანის“ ღირსებას ვეღარასდროს დავიცავდი და ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ „მილანი“ იყო. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი გამაჩნდა. ახლა 46 წლის ვარ და როდესაც წარსულს ვიხსენებ, შემიძლია ვთქვა: ძალიან გამიმართლა, რომ „მილანში“ ამდენი წელი გავატარე. არაფერს ვნანობ და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

საკლუბო კულტურა იტალიაში

საკლუბო კულტურა, ფეხბურთის მსგავსად, ცვალებადია. 10 წლის წინ განსხვავებული რეალობა იყო. ჩვენთვის ფეხბურთი ყველაფერი იყო. თამაშზე დილიდან დაღამებამდე ვფიქრობდით. არ ვიცი, ასეა თუ არა დღევანდელი მოთამაშეებისთვის.  ყველაფერი იცვლება, ისინი მთელი დღე ტელეფონზე თამაშობენ, ერთმანეთში ისე და იმდენს აღარ საუბრობენ, როგორც ჩვენ. სამყარო შეიცვალა.

საქართველო ევროზე

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ძლიერი ნაკრებით იყო წარმოდგენილი. მათთან დაპირისპირება არავისთვის ყოფილა იოლი. ვფიქრობ, გუნდში საბრძოლო განწყობა მაღალ დონეზეა, ყველა ერთმანეთს ეხმარება, კარგი კოლექტივია. რა თქმა უნდა, კვარას ფაქტორი მნიშვნელოვანია, ის ნაკრებს აძლიერებს. იტალიაში ხვიჩა ყველას უყვარს, თქვენ იცით ამის შესახებ. თუკი იტალიაში ჩამოხვალთ, ნახავთ, რომ არამხოლოდ „ნაპოლის“ გულშემატკივრებს მოსწონთ ის. კვარაცხელია არა მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ ძალიან კარგი პიროვნებაცაა. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვხედავ და მესმის, ის დადებითი ადამიანია. ძალიან კონცენტრირებულია ფეხბურთზე და მისი თამაშის სტილი გასაოცარია. ევროპაში არ არის ბევრი ფეხბურთელი, ვისაც ბურთთან ერთად იმავეს გაკეთება შეუძლია, რაც კვარას. მომწონს, როგორც თამაშობს. იტალიის ჩემპიონატისათვის მისი მსგავსი ტალანტების ყოლა შესანიშნავია.

რა შეიცვალა ფეხბურთში მას შემდეგ, რაც მან კარიერა დაასრულა?

ახლა ფეხბურთი იცვლება. აღარ არის გამოკვეთილი პოზიციები. თქვენთან არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ჩვენთან ამის აღსაწერად ტერმინ „მოქნილს“ ვიყენებთ. მოედანზე  ყველას უნდა შეეძლოს სხვადასხვა დავალების შესრულება. არიან გამონაკლისებიც, მაგალითად, კვარა, რომელსაც უბრალოდ ბურთი და თავისუფლება უნდა მისცე და წესებით არ უნდა შეზღუდო. მისნაირი ფეხბურთელები ინსტინქტებზე დაყრდობით თამაშობენ. ცხადია, წესები, დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ თავისუფლებაც აუცილებელია. ზოგადად, ფეხბურთი შეიცვალა. მე ნახევარმცველი ვიყავი და კონკრეტულ პოზიციაზე ვთამაშობდი, ახლა კი ნახევარმცველებს შეუძლიათ, მთელი მოედანი მოიარონ მატჩისას.

ცხოვრება საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ

საფეხბურთო კარიერა 11 წლის წინ დავასრულე. ვმუშაობ ტელევიზიაში, ვმოგზაურობ იტალიასა და ევროპაში, ვსაუბრობ საფეხბურთო მატჩებზე და, ზოგადად, ფეხბურთზე. ეს საქმე ძალიან მომწონს, რადგან ოჯახთან ერთად დროის გატარების საშუალებაც მეძლევა, თანაც მიყვარს იტალიური და ევროპული ფეხბურთის ყურება. მწვრთნელობა არასდროს მდომებია, ეს დიდი სტრესია. მინდა, თავისუფალი დრო და ცხოვრებით დატკბობის შესაძლებლობა მქონდეს.