მაიკლ დიქსონი - საქართველოს ნაკრებთან ერთად მონტენეგროში გამარჯვება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია
მაიკლ დიქსონი - საქართველოს ნაკრებთან ერთად მონტენეგროში გამარჯვება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია

საქართველოს ნაკრების ლეგიონერი მაიკლ დიქსონი თბილისშია. იგი კარიერის გაგრძელებას ჩინეთის უმაღლეს ლიგაში აპირებს და სწორედ საქართველოში ელის ჩინეთის ვიზას. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა.

– ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, ახალი სეზონისთვის კარგად ვემზადები. კვირა დღის გარდა ყოველდღიურად დიდ დროს ვატარებ დარბაზში. ასეთია ჩემი რეჟიმი, რადგან მინდა ახალ გუნდს სათანადო კონდიციებით შევუერთდე, – გვითხრა დიქსონმა, – მესმის, რომ ძალიან რთული პერიოდია. კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრმა დაკარგად სამსახური, ფული არა აქვს. მაგრამ მათ ჰყავთ ოჯახები, რომლებზეც ზრუნავენ. მეც მყავს ოჯახი. უნდა ვითამაშო კალათბურთი იმიტომ, რომ ეს ჩემი პროფესიაა და ძალიან მიყვარს. მსგავსი შანსი ხშირად არ ჩნდება – მას მე 30 წელი ველოდი. მივიღე მიწვევა ძლიერი ჩინური კლუბიდან, რომელიც დიდი ხანია, მელის. ვიზის მიღებასთან დაკავშირებით სიტუაცია გართულდა, თუმცა იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ ჩემს მდგომარეობას და დამეხმარებიან. ისიც მესმის, რომ მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება. ბევრი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. დედა და მამა ყოველთვის მასწავლიდნენ, ჯერ მეზრუნა სხვებზე, შემდეგ საკუთარ თავზე. ასე გავიზარდე.

– რომელი გუნდიდან გაქვთ შეთავაზება?

– ჩინეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი „ტენჯინ  პაიონერსიდან“. გასულ სეზონში „ტენჯინ ლაიონსი“ ერქვა, თუმცა ახალი სეზონის წინ სახელი შეიცვალა. საკმაოდ კარგ კონტრაქტს მთავაზობს. ქალაქი ტენჯინი დედაქალაქ პეკინთან ახლოსაა, 30 წუთის სავალზეა მატარებლით. ჩინეთში სერიოზული პროფესიონალური ლიგაა. მოგეხსენებათ, ევროპაში კალათბურთის მატჩი 40 წუთს გრძელდება, ჩინეთში 48-წუთიანი შეხვედრებია, ისევე როგორც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ჩინეთის ლიგაში ბევრი მაღალი დონის კალათბურთელია, რომლებსაც NBA-ში აქვთ ნათამაშები.

– საქართველოს კალათბურთის ფედერაცია როგორ გეხმარებათ?

– ფედერაცია გვერდში მიდგას ჯერ კიდევ 2016 წლიდან, როდესაც მივიღე საქართველოს პასპორტი. მისი წევრებისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. მადლობელი ვარ, რაც ჩემთვის გააკეთეს და აკეთებენ. ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოში ვარ და ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შემემთხვა, ფედერაციის ხელმძღვანელები ძალიან მეხმარებიან. ყოველთვის მზად ვარ დავიცვა საქართველოს ნაკრების ღირსება, სადაც უნდა ვთამაშობდე. მთავარია, სანაკრებო და საკლუბო კალენდარი არ მოდიოდეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში.

– ჩინეთში ოჯახის წაყვანასაც აპირებ?

– ჩემი მეუღლე, რომელიც მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ, ვაჟთან ერთად საბერძნეთშია. ჩინეთში ჯერ მე ჩავალ, მოვწესრიგდები და თავს კომფრტულად რომ ვიგრძნობ, ოჯახის წევრებს მერე წავიყვან. თუმცა ჯერ მე მაქვს ვიზა მისაღები…

– რამდენიმე თვის წინაც გქონდა პრობლემები ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლასთან დაკავშირებით.

– ვთამაშობდი ჩეხეთში, როდესაც კოროვანირუსის გამო ჩემპიონატი შეჩერდა და გამოგვიცხადეს, რომ შეგვეძლო შინ დავბრუნებულიყავით. მივედი პრაღის აეროპორტში, ათენში, ჩემს ოჯახთან უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ გამომიცხადეს – ვერ გაფრინდებიო. ხუთი თვის განმავლობაში ვერ მოვახერხე მეუღლისა და პატარა ვაჟის ნახვა. ძალიან რთული სიტუაცია იყო ჩემთვის.

– საქართველოს ნაკრებში არაერთ ამერიკელს უთამაშია, თუმცა გულშემატკივარს მხოლოდ 2-3 ახსოვს…

– ყველა ამერიკელი, რომელსაც საქართველოს პასპორტი მიუღია და ნაკრებში უთამაშია, ძალიან კარგი კალათბურთელია. საქართველოში 2016 წელს ჩამოვედი და ძალიან კარგი გუნდი ჩამოყალიბდა. მეამაყება რომ სწორედ ასეთი ნაკრების წევრი ვიყავი. აქაურ კალათბურთს კარგად ვიცნობ და გეტყვით, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებსაც განვითარება სჭირდებათ. ნაკრებში თამაშებითაც და ისედაც, ყოველთვის ვცდილობდი პატარებს დავხმარებოდი პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. იმიტომ, რომ საქართველო ჩემი მეორე სახლია.

ბავშვებს სუფთა გული აქვთ. მიყვარს მათ გვერდით ყოფნა. მომავალ თაობას ასევე ძალიან ეხმარებიან კალათბურთელები, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ – თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია, ახლა გოგა ბითაძე წავიდა NBA-ში. არავინ იცის, ახლო მომავალში კიდევ რომელ ქართველს ვიხილავთ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. მათი და საქართველოს ნაკრების სხვა წევრების მაგალითზე პატარები ხედავენ, რომ ბევრი ვარჯიშის შემდეგ მაღალი დონის კალათბურთელად ჩამოყალიბება შესაძლებელია.

– ისტორიული მატჩის მონაწილე რძანდებით – 2016 წელს საქართველომ მონტენეგრო მისსავე მოედანზე 90:84 დაამარცხა.

– თამაშის წინ დიდი წნეხი იყო. იყო ბევრი ნერვიულობდა, ხალხი ღელავდა ამ მატჩის გამო, რადგან მონტენეგროსთან თბილისური შეხვედრა წაგებული გვქონდა. სტუმრად გასამართ მატჩში ვერ დაგვეხმარა თორნიკე შენგელია, რომელმაც ის შესარჩევი ძალიან კარგად ითამაშა. ის ხომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა საქართველოს კალათბურთის ისტორიაში. გვჭირდებოდა 3 და მეტი ქულის სხვაობით მოგება, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაგვეკავებინა და ევრობასკეტის საგზური მოგვეპოვებინა. მეტოქე სერიოზული იყო – მონტენეგროში ევროპულ ვარსკვლავებთან ერთად თამაშობდა NBA-ელი ნიკოლა ვუჩევიჩი. მართლა კარგად ვითამაშეთ. ვიქტორ სანიკიძე გამორჩეული იყო, ბოლო წამებზე ბურთი თითქმის ცენტრიდან ჩააგდო. დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს ზაზა ფაჩულიამ, გიორგი შერმადინმა, გიორგი ცინცაძემ…

თამაში ისე ვერ დავიწყე, როგორც მსურდა – მახსოვს თავიდან ოთხი ტყორცნა გავაცუდე. თანაგუნდელები მეუბნებოდნენ, სროლა განაგრძეო. ამან თავდაჯერება შემმატა და, როგორც მახსოვს, 31 ქულა ჩავაგდე. 6 ქულის სხვაობით მოვიგეთ და ევრობასკეტი 2017-ზე გავედით. მაშინ კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ დიდი გუნდის ნაწილი ვიყავი. დამიჯერეთ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღე ჩემს ცხოვრებაში. მას მერე ჩემი თვითრწმენა, როგორც კალათბურთელისა, ძალიან გაიზარდა.

– ბოლო წამებზე წუთშესვენებისას მწვრთნელმა ბურთის ტყორცნა დაგავალათ?

– ზუსტად აღარ მახსოვს, თუმცა ილიას ზუროსი ნამდვილად მეუბნებოდა, თამამად ისროლეო, რადგან იმ დღეს სროლა კარგად წამივიდა. ეს კალათბურთია. ხან ჩააგდებ, ხან – ვერა.

– მომდევნო წელს, ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩში ლიეტუვა დავამარცხეთ. გულშემატკივრებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ეს შეხვედრა ისტორიაში საუკეთესოდ დასახელდა.

– ლიეტუვასთან მატჩის წინ კარგად ვიცოდი ნაკრების ორი წლის წინანდელი ამბები – ევრობასკეტი 2015-ის 1/8 ფინალში საქართველომ ლიეტუვასთან ბოლო წამებზე მაციულისის სამქულიანის შედეგად წააგო. კალათბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ის მატჩი ნანახი მქონდა. ევრობასკეტი 2017-ის გახსნითი შეხვედრისთვის ყველა კარგად მოვემზადეთ და კარგადაც ვითამაშეთ. ლიეტუვა (79:77) გუნდური თამაშის წყალობით დავამარცხეთ. ვფიქრობ, გამარჯვების ემოციისა და მატჩში ჩადებული დიდი ენერგიის გამო მომდევნო შეხვედრებში ძალა დაგვაკლდა. ისეთივე ენერგიით ვეღარ ვითამაშეთ, როგორითაც ლიეტუვასთან გამოვედით. ევრობასკეტზე ძალიან კარგი გუნდი გვყავდა და გულდასაწყვეტია, რომ ჯგუფიდან ვერ გავედით.

– გერმანისთან მატჩისას NBA-ელი დენის შროდერის მეურვეობა გიწევდათ. ვფიქრობ, მასთან დიდი ბრძოლის შედეგი იყო, რომ მეორე დღეს უკრაინასთან ისე ვერ ითამაშეთ, როგორც ყველას გვსურდა.

– ლიეტუვის შემდეგ იყო ორი მატჩი, რომელთა მოგებასაც ვგეგმავდით. თუმცა გერმანიასთან და უკრაინასთან ფეხები ისე ვერ მოგვყვებოდა, როგორც ლიეტუვასთან. რაც შეეხება გერმანიასთან და შორიოდერთან დაპირისპირებას, მოგახსენებთ: ამერიკელი ვარ და ჩემი ოცნებაა NBA-ში თამაში. ჩემს მოგზაურობას ევროპაში დიდად ვაფასებ, მაგრამ ჯერაც NBA-ში მოხვედრაზე ვფიქრობ. შესაბამისად, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე დენის შრიოდერის წინააღმდეგ გამოსვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მასთან დაპირისპირებაში უნდა გამოჩენილიყო, რა შემეძლო. მახსოვს, საქართველოს ნაკრებთან მატჩში შრიოდერმა 23-ჯერ სტყორცნა და მხოლოდ 20 ქულა ჩააგდო. ეს ჩემთვის მისაღები იყო. დენისთან ახლაც მაქვს მიმოწერა. ძალიან კარგი პიროვნება და კალათბურთელია. სხვათა შორის, ევრობასკეტი 2017-ზე რთული კალენდარი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯგუფი გვქონდა. მოედანზე სული და გული დავდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯგუფიდან ვერ გავედით.

– მსოფლიოს 2019 წლის თასის შესარჩევი ეტაპიც საქართველოს ნაკრებთან დაიწყე. სერბეთთან 36 ქულა ჩააგდეთ… ოფიციალურ მატჩებში ეს ზაზა ფაჩულიას რეკორდის გამეორებაა.

– ევრობასკეტის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა ზაზა ფაჩულიამ, ევროლიგისა და ფიბა-ს შეუთანხმებლობის გამო ვერ ითამაშეს თოკო შენგელიამ და გიორგი შერმადინმა. როდესაც გუნდში გყავს მარკოიშვილი, სანიკიძე, სანაძე, ცინცაძე, ფაჩულია, შერმადინი, შენგელია, თამაში გაცილებით იოლია. მსოფლიოს თასის შესარჩევზე მწვრთნელისგან კიდევ მეტი თავისუფლება მომეცა და ამიტომაც იყო, 36 ქულა რომ მომიგროვდა.

– საქართველოდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

– ბევრ ქვეყანაში მითამაშია და ბევრიც დამითვალიერებია. საქართველოში ნამდვილი ხალხი ცხოვრობს. ქართველები გულს ბოლომდე გიღებენ. ეს, პირველ რიგში, ნაკრებში თამაშისას დავინახე. როდესაც ხალხი ხედავდა, რომ მოედანზე გულს ვდებდი, შემეძლო  მოედანზე მოვმკვდარიყავი, თავადაც გულითადად მეპყრობოდა. დიდ პატივისცემას ვგრძნობდი და ვგრძნობ. როდესაც გულშემატკივარი თამაშში ბოლომდეა ჩართული, გვერდში გიდგას, საქმე იოლდება.

…დიქსონმა საუბარი ქართულად დაასრულა:

– მადლობა, საქართველო!