ექსკლუზივი | ინტერვიუ გიორგი შერმადინთან - მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებით ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ #1TVSPORT
ექსკლუზივი | ინტერვიუ გიორგი შერმადინთან - მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებით ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდეს, ვენესუელასა და სლოვენიის წინააღმდეგ ითამაშებს; გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის გამოკითხვას ლიდერობს; მისი „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშია…

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ გიორგი შერმადინს ესპანეთში დავუკავშირდით.

 

– პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ესპანეთის MVP-ის გამოსავლენ გამოკითხვაში აქტიურადაა ჩართული და ყოველდღიურად მაძლევს ხმას. ამ ქვეყნის საუკეთესო კალათბურთელი 2021 წელს გავხდი და იმავეს გამეორება ძალიან გამიხარდება.

– ლოგიკურიც იქნება, რადგან სარგებლიანობის კოეფიციენტით ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო ხარ.

– დაველოდოთ შედეგებს, ჯერ გულშემატკივრების გამოკითხვა მიმდინარეობს, გარდა ამისა, მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმაც უნდა დაასახელონ თავიანთი რჩეულები.

– ამ სეზონში რა გამოარჩევს „ტენერიფეს“?

– სტაბილურობა. გვქონდა მცირე ჩავარდნები, ბოლო ტურში „მურსიასთანაც“ წავაგეთ, მაგრამ ჩემპიონატს სტაბილურად ვატარებთ და მეოთხე პოზიციაზე ვართ. რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ორი ტური რჩება და, იმედია, მეოთხე ადგილს შევინარჩუნებთ.

გარდა ამისა, წარმატებით ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგაზე. ოთხთა ფინალში გავედით და ძალიან მინდა, შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ – ჩემპიონები გავხდეთ.

– ცალკე საუბრის თემაა გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი, რომელთან ერთადაც დუეტში ძალიან ბევრი მეტოქე დაგიმარცხებიათ.

– უერტასის პასები მთელმა მსოფლიომ იცის. მასთან თამაში ძალიან კომფორტულია. ბოლო ტურში „მურსიასთან“ ორი მაღალი ერთდროულად მეთამაშებოდა, ალბათ მწვრთნელმა დაავალა, შერმადინს ბურთი არ მიაღებინოთო. ასეთ დროს სწორედ უერტასს გაეხსნა სივრცე – 43 ქულა ჩააგდო.

– „მურსიაში“ საქართველოს ნაკრების წევრები – თად მაკფადენი და რატი ანდრონიკაშვილი თამაშობენ. მატჩის შემდეგ თუ ისაუბრეთ მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე?

– რა თქმა უნდა. თად მაკფადენმა დაწვრილებით გამომკითხა, როდის იწყება ნაკრების შეკრება, როგორი იქნება მოსამზადებელი გეგმა. ძალიან მონდომებულია, უკვე ემზადება მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად.

– წილისყრის შედეგებზე ზოგადად რისი თქმა შეგიძლიათ?

– წილისყრისას „ტენერიფესთან“ ერთად გრანადაში ვიყავი. დასრულებისთანავე თანაგუნდელებს შედეგები ჩავუგდე. უერტასის ბრაზილია ესპანეთს ეთამაშება. ჩვენს გუნდში ესპანეთის ნაკრების რამდენიმე კალათბურთელია. არ გაუმართლა სასუ სალინსა და ფინეთის ნაკრებს – ისინი გერმანიასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან მოხვდნენ. ჩვენ ამ მხრივ საწუწუნო არაფერი გვაქვს. თუმცა ედი ტავარეშს ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე ავცდი – „რეალის“ კაბოვერდელი კალათბურთელი ძალიან ძლიერი ცენტრია. მასთან ძალიან გვჭირდება გოგა ბითაძე, რომელიც სამქულიანებსაც სტყორცნის და ტავარეშის ფარიდან გაყვანა შეუძლია. ცხადია, მხოლოდ ერთი ან ორი კალათბურთელი ამინდს ვერ შექმნის, აუცილებელია საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელი ჯანმრთელად და კარგად მომზადებული შეხვდეს მსოფლიო ჩემპიონატს.

– ვენესუელამ შესარჩევზე ორჯერ დაამარცხა არგენტინა, სლოვენიაში ლუკა დონჩიჩი თამაშობს…

– ვენესუელის ნაკრებს ნამდვილად არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი. სლოვენიას ოთხჯერ ვეთამაშეთ, რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყანაში მეც გამოვდიოდი. კარგად შეკრული გუნდია და ფავორიტადაც სამართლიანად ითვლება, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ სლოვენია მოგვიგებს ადვილად ან ჩვენ მოვუგებთ იოლად ვენესუელას. საინტერესო, დაძაბული თამაშები იქნება და ბევრს გადაწყვეტს გამოცდილება. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს კი გამოცდილება არ გვაკლია. ძალიან მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშით ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.