მიუხედავად იმისა, რომ საკალათბურთო სეზონი ჯერ არ დასრულებულა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი შერმადინისთვის უკვე წარმატებულია. 216 სმ სიმაღლის ქართველმა ესპანურ კლუბ „ტენერიფესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და შეჯიბრების სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ გიორგის ესპანეთში დავუკავშირდით.
– პირველ რიგში, მინდა, ევროთასის მოგება მივულოცო თორნიკე შენგელიას. ნებისმიერ შეჯიბრებაში გამარჯვება რთული მისაღწევია და მიხარია, რომ „ვირტუსმა“ ეს შეძლო. თორნიკეს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს.
– რთული იყო „ტენერიფესთვისაც“ – ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეულის ორივე მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა…
– მანამდეც არ გვქონია იოლი გზა. გუნდმა სეზონი ისე ვერ დაიწყო, როგორც მისგან გულშემატკივარი ელოდა. შემდეგ თამაში გამოვასწორეთ – არც ტოპ-16-ში და არც პლეი ოფში მატჩი არ წაგვიგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ტენერიფემ“ ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.
– ნახევარფინალში ისრაელის „ჰოლონი“ დაამარცხეთ.
– შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ ბოლო წუთებზე მეტოქემ ქულით გაგვასწრო. სწორედ ამ დროს ჩავაგდე ორქულიანი და მას მერე „ჰოლონისთვის“ დაწინაურების შანსი არ მიგვიცია. მძიმე მატჩი იყო, ბევრი ვინერვიულეთ. ნამატჩევს ძალიან დაღლილი ვიყავი, ხელ-ფეხი დამძიმებული მქონდა.
დიდი როლი ითამაშა ჩვენი მწვრთნელის, ჩუს ვიდორეტას სიტყვებმა, რომელმაც გაგვახსენა, რომ ბილბაოდანაა და მისთვის მშობლიურ ქალაქში ჩემპიონობა ძალიან ბევრს ნიშნავდა.
– ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეულის მატჩები ბილბაოში გაიმართა, თუმცა ფინალისას დარბაზი „მანრესას“ ქომაგებით გაივსო…
– მეტოქეს იმდენი გულშემატკივარი ჩამოჰყვა, მრჩებოდა შთაბეჭდილება სტუმრად, მანრესაში ვთამაშობდი. ბევრი სწორედ ჩვენს მოწინააღმდეგეს უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას. თუმცა ფინალზე იმდენად აღარ გვინერვიულია, რამდენადაც ნახევარფინალზე „ჰოლონთან“. „მანრესასთან“ ჩემმა ყველა თანაგუნდელმა მაღალ დონეზე ითამაშა და უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ბილბაოში ვთამაშობდით, მანრესაში თუ ტენერიფეზე – თასს არ დავთმობდით.
– მეორე ტაიმში იყო, მომენტი, როდესაც იდაყვით ცხვირი გაუტეხეთ მეტოქის ლიდერ მონეკეს…
– ბურთზე რომ ავხტი, გვერდზე ნამდვილად არ ვიყურებოდი, დაშვებისას იდაყვი შემთხვევით მოვარტყი. მსაჯებმა ტექნიკური შენიშვნა მომცეს. მატჩის შემდეგ სასტუმროშიც ველაპარაკე და ამიხსნეს, რომ რაც უნდა შემთხვევით მოხვედროდა იდაყვი, სისხლი რომ წასკდა, ტექნიკური შენიშვნა აუცილებლად უნდა მოეცათ.
– კუნძულზე თასით ჩასულებს როგორ დაგხვდნენ?
– გამარჯვება გუნდმაც შესაბამისად აღნიშნა, ქალაქის მერმაც მიგვიღო. კვირას, 20 საათზე საფეხბურთო მატჩია „ტენერიფე“-„მალაგა“. სტადიონი თითქმის ყოველთვის ივსება. მიწვეულები ვართ, ტენერიფელ გულშემატკივარს ჩემპიონთა თასი უნდა წარვუდგინოთ.
– სპეციალისტები თანხმდებიან, რომ „ტენერიფეს“ წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია უაერასი-შერმადინის დუეტზე. რამდენად სასიამოვნოა უერტასის გვერდით ამაში?
– ესპანური გაზეთ „დიას“ ჟურნალისტმა ჩამომართვა ინტერვიუ. ერთი შეკითხვა ასეთი იყო: რა თვისება აქვს უერტასს ისეთი, რაც მას სხვა გამთამაშებლებისგან გამოარჩევს. ვუპასუხე: მარსელინიო ძალიან კარგი პიროვნებაა, მოედანზე კი მის გვერდით თამაში ნამდვილად სასიამოვნოა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გუნდზე ფიქრობს და თანაგუნდელებს ათამაშებს.
– 13 მაისს სრულდება ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა (გულშემატკივრებს შორის)…
– ყველას, ვინც გამოკითხვაში ხმას მაძლევდა, მინდა, მადლობა გადავუხადო. ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. მათი თანადგომა ჩემთვის დამატებითი სტიმულია. გამოკითხვაში ჯანან მუსას შემდეგ მეორე ადგილზე ვარ, თუმცა რჩება კიდევ მწვრთნელების, მოთამაშეებისა და ჟურნალისტების გამოკითხვა. საბოლოო გამარჯვებული ოთხი სეგმენტის შედეგების დაჯამების შემდეგ გამოვლინდება.
– იმედი გვაქვს, რომ ივლისში საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელის სტატუსით ჩამოხვალ.
– ჩვენი ნაკრების მატჩებს მოუთმენლად ველი. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 1 ივლისს უკრაინას ვეთამაშებით, 4 ივლისს – ესპანეთს. NBA-ს ვარსკვლავებიც დაგვემატებიან და ძალიან ძლიერი გუნდი გვეყოლება. უკრაინასთანაც უნდა მოვიგოთ და ესპანეთთან გამარჯვებაც რეალურია. შემდეგ დაიწყება მზადება ევრობასკეტისთვის. როგორც ვიცი, კარგი მოსამზადებელი გეგმა გვაქვს. სხვა მატჩების პარალელურად ვითამაშებთ ათენში, აკროპოლისის თასზე. ამ შეჯიბრებაში ერთხელ ვიასპარეზეთ და დღესაც დადებითი მოგონებები გვაქვს – სერბეთს, იტალიას, საბერძნეთს გავასწარით და ჩემპიონები გავხდით.