მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრებმა კლუბებს მიაშურეს. გიორგი შერმადინი კანარებზე გადაფრინდა და „ტენერიფეს“ შეუერთდა.
მასთან ინტერვიუ სწორედ სანტა კრუზში ჩასვლის შემდეგ ჩავწერეთ. ვესაუბრეთ კლუბზე, ნაკრებზე და ეროვნულის აწ უკვე ყოფილ მწვრთნელზე, ილიას ზუროსზე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქართული ქულების ავტორი გიორგი შერმადინია. მის ანგარიშზე ნაკრებში ჩატარებული 182 თამაში და 1608 ქულაა (ოფიციალური+არაოფიციალური).
„კაბო ვერდესთან მატჩში სადაო გდება მოვიგე, ბურთი რატი ანდრონიკაშვილისკენ გადავარდა. თუმცა მატჩის პირველი შეტევა შედეგიანად კაბო ვერდემ დაასრულა. მომდევნო შეტევაში რატი საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა, ბურთი გადმომაწოდა და მეც თითქმის საშუალო დისტანციიდან ჩავაგდე. მაშინ ნამდვილად არ ვფიქრობდი ამ ორქულიანის მნიშვნელობაზე. ჩემთვის მთავარი საზრუნავი თამაშის მოგება იყო.
ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა კარგად გათვალა და სწორი დავალება მოგვცა, რა უნდა გაგვეკეთებინა მატჩისას. შეკრებისას მწვრთნელები მუდმივად კომპიუტერებში იყვნენ და მეტოქეებს შიფრავდნენ. ღამეები არ ეძინათ. თვალები ჩაწითლებული ჰქონდათ. მანუჩარ მარკოიშვილსა და ვლადიმერ ბოისას ასეთ სიტუაციაში რომ ვნახავდი, ვეხუმრებოდი – უთხარით ილიას ზუროსს, რომ ღამით ძილი გიყვართ, ცოტა დაგასვენოთ-მეთქი. ასევე არ უძინიათ ექიმებს. ისინი სასწაული ხალხია. ნეტავ, კლუბებში მყოლოდა ისეთი მედიკოსთა შტაბი, როგორიც ნაკრებში. დღე-ღამის ნებისმიერ დროს ჩვენზე ზრუნავდნენ.
საბოლოოდ, შრომამ შედეგი მოიტანა: კაბო ვერდესთან დავალება 100 პროცენტით შევასრულეთ. როდესაც „რეალის“ ცენტრი ედი ტავარეში ბურთს მიიღებდა, ორ კაცს უნდა დაგვეჭირა. მეტწილად ის ბურთს კარგავდა. მის წინააღმდეგ კარგი დაცვა გამოვიდა და მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გამარჯვება“.
შემდეგ იყო წაგება სლოვენიასთან და გადამწყვეტი გამარჯვება ვენესუელასთან:
„მთელი საქართველო და ჩვენც ამ შედეგზე ვოცნებობდით. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოვხვდით და ჯგუფიდან გასვლა შევძელით. ვიშრომეთ, ყველაფერი ჩავდეთ, რომ მიზნისთვის მიგვეღწია. პირველ ცდაზე ტოპ-16-ში მოხვედრა უდავოდ კარგი შედეგია“.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მომავალ ჩემპიონთან, გერმანიასთან და საკმაოდ ძლიერ ავსტრალიასთან მოუწია დაპირისპირებამ. გერმანიასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შერმადინმა აღნიშნა – ეს გუნდი ამ მსოფლიოზე მედლებს მოიგებსო. სინჯი არ დაუკონკრეტებია…
„ჯგუფის თამაშებშიც გამოჩნდა, რომ გერმანია ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე გამართული გუნდი იყო. ძალიან მაგრად ითამაშა. დღიდან დღემდე უმატებდა და ამიტომაც ვთქვი პრესკონფერენციაზე, მედლებს მოიგებს-მეთქი. ჩემპიონატი ისე ჩაატარა, თამაში არ წაუგია, დამსახურებულად დაამარცხა ამერიკა და მოიგო ოქროს მედლები“.
მსოფლიო პირველობიდან დაბრუნების შემდეგ გამოცხადდა, რომ ნაკრებს ილიას ზუროსი აღარ გაწვრთნიდა. ბერძენ სპეციალისტს კონტრაქტის ვადა სწორედ ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ ამოეწურა, რომელიც აღარ განახლდა. მის შესახებ გიორგი შერმადინმა თბილად ილაპარაკა:
„ილიას ზუროსს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე საბერძნეთიდან ვიცნობდი. ნაკრებში ის მხოლოდ მოთამაშედ არ განმიხილავდა – მეუბნებოდა, ჩემი ძმა ხარო. მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვცდილობდი, ყოველთვის გვერდში დავდგომოდი. ჩემი მოქმედებით, ჩემი ვარჯიშით, ჩემი მხარდაჭერით ვცდილობდი, მაქსიმალურად შემეწყო ხელი და ნაკლები სანერვიულო ჰქონოდა. მოგეხსენებათ, ემოციური ადამიანია.
კარგი პიროვნებაა და მინდა, წარმატებები ვუსურვო კარიერაში. საქართველოს ნაკრებს 8 წელი წვრთნიდა. ეს საკმაოდ დიდი დროა მწვრთნელისთვის. ყველაფერს აქვს დასაწყისიც და დასასრულიც. ადრე თუ გვიან საქართველოს ნაკრებისა და ზუროსის გზები უნდა გაყრილიყო. მან ძალიან კარგად დაიწყო – პირველივე წელს, 2016-ში სტუმრად მონტენეგრო დავამარცხეთ და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავედით. შემდეგ იყო ორი ევრობასკეტი და მსოფლიო ჩემპიონატი 2023, სადაც მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდში მოვხვდით – კარგი დასასრული.
დარწმუნებული ვარ, ილიას ზუროსს ჩვენთან მიღებული დიდი გამოცდილების შემდეგ კიდევ უფრო წარმატებულ კარიერა ექნება. გამოთქმაა – ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისკენაა… საკუთარ მაგალითიდან გამომდინარე ვიტყვი:
რამდენიმე წის წინ, როდესაც გამომიცხადეს, რომ მალაგაში აღარ დავრჩებოდი, რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახთან ერთად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. ბავშვები მეუბნებოდნენ – მამა, არ წავიდეთ, აქ ბევრი მეგობარი გვყავსო. თუმცა წავედით და კონტრაქტი გავაფორმე „ტენერიფესთან“, სადაც კარიერის საუკეთესო წლებს ვატარებ. გარდა სპორტული მხარისა, ტენერიფეზე ჩემს ოჯახსაც კარგი პირობები აქვს და აქაურობა ყველას ძალიან მოგვწონს.
თამაშიც კარგად ამეწყო: კარგი გუნდი შეიკრიბა და ყოველ წელს მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით. ორჯერ გავხდი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, გავაუმჯობესე თვის MVP-ის რეკორდი ესპანურ ლიგაში, კვირის საუკეთესოების რეკორდამდე ერთიღა მაკლია…“
აქ ინტერვიუ რამდენიმე წუთით შეწყდა, თუმცა ტელეფონი არ გაგვითიშავს – ინტერვიუსას გიორგი სანტა კრუზის ქუჩაში სეირნობდა, მასთან „ტენერიფეს“ გულშემატკივარი მივიდა და მოუბოდიშა, გუშინ „გრან კანარიასთან“ თამაშზე ვერ წამოვედიო. ამას მიაყოლა ესპანური სიტყვები. ესპანურის ნაკლებად მცოდნეც მიხვდებოდა, რომ ქომაგი მხოლოდ კალათბურთზე არ ელაპარაკებოდა – ქართველს პიროვნულ თვისებებზე ესაუბრებოდა.
„ჩემი გუნდის გულშემატკივარია, „ტენერიფეს“ თამაშებს არ აცდენს, არქიტექტორია, ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობს, როცა შემხვდება, დიდხანს მელაპარაკება კალათბურთზე. ახლაც წარმატება მისურვა ახალ სეზონში“, – გვითხრა შერმადინმა ესპანელთან დამშვიდობების შემდეგ.
„მწვრთნელი იგივე დარჩა, შემადგენლობაშიც სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა, დავიმატეთ რამდენიმე კარგი კალათბურთელი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შარშანდელზე არანაკლებ წარმატებული სეზონი გამოგვივა.
გასულ წელს ჩემპიონატი მოგებების სერიით დავიწყეთ. ძალიან მინდა, ახლაც ასე იყოს, მაგრამ რთული იქნება – არ არის იოლი კალენდარი: პირველ მატჩს სტუმრად მალაგაში ვატარებთ, შემდეგ „ვალენსიას“ ვმასპინძლობთ, მესამე შეხვედრა მურსიაში გვაქვს. სამივეს მოგება იდეალური იქნება, მაგრამ ძალიან რთული“.
„ტენერიფე“ სეზონს 23 სექტემბერს „უნიკახასთან“ მატჩით გახსნის.