ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან - 15 თებერვალს ქართველ მებრძოლს კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელის
ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან - 15 თებერვალს ქართველ მებრძოლს კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელის

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ზემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მომდევნო დაპირისპირებისთვის ემზადება. „სერა-ლონგოს“ გუნდის წევრი თბილისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებშ დაახლოებით 1 თვის წინ გაემგზავრა და პრინციპული ბრძოლისთვის მზადება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მერაბი 15 თებერვალს UFC-ში თავის მორიგ ბრძოლას ქეისი კენის წინააღმდეგ ჩაატარებს. უნდა აღინიშნოს, რომ მერაბს ძალიან ძლიერი მეტოქე ყავს. ის bantamweight რეიტინგში მე-14 ადგილზე იმყოფება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილმა მოახერხა ძლიერი მეტოქის დამარცხება, პირველად მოხდება ისე, რომ ქართველი მებრძოლი ტოპ 15-ში ადგილს დაიკმვიდრებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა მერაბს და პრინციპული ბრძოლის წინ ინტერვიუ ჩაწერა

საკმაოდ ძლიერი მეტოქე გყავს. დიდი ალბათობით ამ ბრძოლაში გამარჯვებით ტოპ 15-ში ადგილს მოიპოვებ. რამდენად გიმაღლებს ეს მოტივაციას ?

დიახ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ძლიერი მეტოქე მყავს, ვისთანაც აქამდე მიბრძოლია. ეს დაპირისპირება ერთერთი უმნიშვნელოვანესია ჩემს კარიერაში, რადგან როგორც აღნიშნეთ ტოპ 15-ში ადგილს მოვიპოვებ, რაც უდიდესი წარმატება იქნება.

მოსამზადებელ ეტაპზე რომ მოგვიყვე. როდის დაიწყე ამ ბრძოლისთვის მომზადება და რა კომპონენტს უფრო აქცევ ყურადღებას ქეისი კეინთან ბრძოლის წინ?

ვცდილობ, მაქსიმალურად მოვემზადო ამ ბრძოლისთვის. ნიუ მექსიკო მაღალ ზონად ითვლება და ვცდილობ აკლიმატიზაციის გამო გამძლეობის და სუნთქვის პრობლემა ბრძლის დროს არ შემექმნას. კიდევ ვიტყვი, რომ ჩემი მოწინააღმდეგე ცაცია არის და ცოტა უხერხული მეტოქე იქნება. სწორედ ამ დეტალებზე ვმუშაობთ.

მეტოქეზე და მის სტილზე რას იტყვი ? რის ხარჯზე აპირებ მის დამარცხებას ?

მეტოქე ყველაფერში ძლიერია, ის ძიუდოში ჩემპიონი იყო და დგომშიც კარგად ბრძოლობს. მისი რეკორდი 13-1 ზეა, მას მხოლოდ 1 წაგება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიოზული ტიპია. ის კარგი შემტევია, სულ იერიშზე მოდის. ის ძალიან კარგად ჭიდაობს, ძლიერია გრეპლინგში. ასევე შავი ქამრის მფლობელია ჯიუ ჯიცუში. მე ვფიქრობ, რომ ჩემი უპირატესობა კენისთან ფიზიკური ძალა, გამძლეობა და ჩემი შემართება იქნება. ყველაფერს გავაკეთებ რომ კვლავ გავიმარჯვო და ჩემი ქვეყანა ვასახელო.