ექსკლუზიური ინტერვიუ ილია თოფურიასთან - 6 დეკემბერს მთელ მსოფლიოს დავანახებ, რამხელა პოტენციალი გამაჩნია
ექსკლუზიური ინტერვიუ ილია თოფურიასთან - 6 დეკემბერს მთელ მსოფლიოს დავანახებ, რამხელა პოტენციალი გამაჩნია

6 დეკემბერი ქართული MMA-სთვის ისტორიული დღეა. ლას ვეგასში, UFC-ის მორიგ ქარდზე ერთდროულად 3 ქართველი გამართავს ბრძოლას. ოქტაგონზე დაუმარცხებელი ილია თოფურია პრომოუშენში რიგით მეორე ბრძოლას 32 წლის დეიმონ ჯექსონის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმავე დღეს უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას გამართავს მერაბ დვალიშვილი, რომლის მეტოქე ბრაზილიელი რაონი ბარსელოსი იქნება. რომან დოლიძე კი ასევე ბრაზილიელ ჯონ ალანს შეხვდება.

ქართველი მებრძოლები 6 დეკემბრის ღონისძიებისთვის აქტიურად ემზადებიან. 23 წლის ილია თოფურია ფლორიდაში იმყოფება და თავის გუნდთან ერთად ჯექსონთან ბრძოლისთვის გადის მზადების ბოლო ეტაპს. თოფურიას მეტოქეს MMA-ში ჩატარებული 23 ბრძოლიდან 18 მოგება, 3 მარცხი 1 ფრე და 1 No-Contest აქვს. საინტერესოა, რომ 2016 წელს ჯექსონმა ლევან მაყაშვილთან გამართა ბრძოლა, რომელიც ფრედ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ილია თოფურიას დებიუტი UFC-ში 11 ოქტომბერს შედგა. ქართველმა მებრძოლმა მსაჯების გადაწყვეტილებით იუსუფ ზალალი დაამარცხა. ილიას ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით და მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

– მომდევნო მეტოქე ამერიკელი დეიმონ ჯექსონია. მეტოქეზე რა ინფორმაციას ფლობ, რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარე ?

– სიმართლე გითხრათ, ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ. ვიცი, რომ მან ნორმალურ დონეზე იცის ჭიდაობა და „გრეპლინგი“. დგომში ბრძოლაც, ასე თუ ისე იცის, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ ის ამ კომპონენტებში ძალიან ძლიერია. ჩემი აზრით, ის ბრძოლის წარმართვას თავდაპირველად დგომში შეეცდება და ალბათ მისი გეგმის მიხედვით ბრძოლის შუა ნაწილში პარტერში გადაყვანასაც შეეცდება, მაგრამ მერწმუნეთ, მე საერთოდ სხვა გეგმები მაქვს და ამას ყველანი 6 დეკემბერს ნახავთ.

ზალალთან ბრძოლის დასრულება ნაადრევად გსურდა. ამჟამად რა გეგმით ხვდები შენს მეორე ბრძოლას? 

– გეთანხმებით, ზალალთან ძალიან მსურდა ბრძოლა ნაადრევად დამესრულებინა, მაგრამ ვთვლი, რომ მოუმზადებლობის ფაქტორმა ამ შემთხვევაში დიდი როლი შეასრულა. ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად. 8 დღით ადრე დავთანხმდი ზალალთან ბრძოლას. ახლა კი გეტყვით, რომ მშვენიერი მოსამზადებელი ეტაპი მაქვს. ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული „ქემფია“ ჩემს კარიერაში. მწვრთნელებთან ერთად ვარ სახლში გამოკეტილი და დროის უდიდეს ნაწილს ვარჯიშს ვუთმობ. 100 პროცენტით ვარ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ნოკაუტით ან მტკივნეული ილეთით (submission) დავასრულებ.

– 6 დეკემბრის ქარდზე ერთდროულად 3 ქართველი იბრძოლებთ. გარკვეულწილად ეს ისტორიული ქარდია საქართველოსთვის. როგორი იყო შენი რეაქცია, როდესაც შეიტყვე, რომ შენ, მერაბ დვალიშვილი და რომან დოლიძე ერთ ქარდზე გამოხვალთ?

– ძალიან მიხარია, რომ 6 დეკემბერს 3 ქართველი ვიბრძოლებთ ლას ვეგასში. პირველად მე და გიგამ დავწერეთ ისტორია, როდესაც ერთ ქარდზე გამოვედით და თანაც წარმატებით. ზალალთან ბრძოლის შემდეგ როდესაც გადავხედე მომავალ ღონისძიებებს და ვნახე, რომ რომან დოლიძე და მერაბ დვალიშვილი ერთ ქარდზე გამოვლენ, პირველი რაც გავაკეთე ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, იყო ის რომ ჩემს მენეჯერს ვთხოვე 6 დეკემბერს მეც ჩამეტარებინა ბრძოლა. მსურს, რომ ახლიდან დავწეროთ ისტორია და ახლა უკვე 3 ქართველი ვიქნებით ერთ ქარდზე.

– რამდენად კმაყოფილი ხარ ამჟამინდელი ფიზიკური ფორმით, რაიმე ტრავმა ხომ არ გაწუხებს?

– როგორც უკვე გითხარით, კარგი მოსამზადებელი ეტაპი მაქვს – ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს კარიერაში. არავითარი ტრავმა არ მაწუხებს და ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ერთადერთი რაც მაწუხებს, არის ის რომ მსურს 6 დეკემბერი მალე მოვიდეს, რომ მთელ მსოფლიოს დავანახო თუ რამხელა პოტენციალი გააჩნია ილია თოფურიას. პირველი ბრძოლა მოვიგე, რა თქმა უნდა, ყოველთვის კმაყოფილი უნდა იყო გამარჯვებით, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჩემი რეალური დონე ზალალთან ბრძოლის დროს ვერ გამოვავლინე. აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა, ბევრი დრო არ მომეცეს იმისათვის, რომ ხალხმა დაინახოს ჩემი რეალური ძალა, რადგან ვთვლი, რომ ჯექსონის დამარცხებას პირველ ან მაქსიმუმ მეორე რაუნდში შევძლებ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.