ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან - ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ბრძოლისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნები #1TVSPORT
გიგა ჭიკაძე UFC-ის ოქტაგონზე დაუმარცხებელია. 31 წლის მებრძოლს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს, 5 გამარჯვება და არცერთი მარცხი. ქართველ „ნინძას“ მომდევნო დაპირისპირებაში ყველაზე რთული ტესტის ჩაბარება მოუწევს. 2 მაისს გიგა ცნობილ ქაბ სვანსონს შეხვდება. გამოცდილი ამერიკელის რეკორდი MMA-ში ასე გამოიყურება – 27 გამარჯვება და 11 მარცხი. 37 წლის ვეტერანი კარიერის მანძილზე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (featherweight) რეიტინგის მე-15 მებრძოლი იყო. მას დამარცხებული ჰყავს ჩარლს ოლივეირა, დასტინ პორიე, ჯერემი სტეფენსი. ბოლოს ქაბმა 2020 წლის დეკემბერში დანიელ პინედასთან იბრძოლა და ეფექტური ნოკაუტით გაიმარჯვა.
გიგას ამ პრინციპული ბრძოლისთვის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო აქვს. ამას იქედან გამომდინარე აღვნიშნავთ, რომ აქამდე გამართულ თითქმის ყველა დაპირისპირებას ჭიკაძე მოკლე პერიოდში თანხმდებოდა და მოსამზადებლად საკმარისი დრო არასოდეს რჩებოდა. ჩვენ გიგას ლოს ანჯელესში დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
– მომდევნო ბრძოლა UFC-ის ძალიან ცნობილ და ღირსეულ მეტოქესთან ჩაგენიშნა. რომ დაგვიხასიათო ქაბ სვანსონი.
– დიახ, ნამდვილად, ქაბი ძალიან ცნობილი მებრძოლია. ის ბევრ ადამიანს უყვარს და ბევრი ქომაგიც ჰყავს. გეტყვით, რომ მეც ხშირად მიგულშემატკივრია ქაბისთვის. ტოპ-15-ის წარმომადგენელი არ არის, მაგრამ იმდენად დიდი სახელი აქვს MMA-ის სამყაროში, რომ ბევრ ტოპ-15-ის მებრძოლს სჯობია, აქედან გამომდინარე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან ჩამენიშნა ბრძოლა.
– 2 მაისამდე საკმაოდ დიდი დროა და სრულყოფილ მოსამზადებელ ეტაპს გაივლი. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე შენი კარიერის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის საფუძვლიანად და სრულყოფილად მოემზადები?
– როგორც იქნა დადგა ის დრო, რომ მეც მომეცა შესაძლებლობა სრულყოფილი „კემპი“ გავიარო. 2 თვე მაქვს ბრძოლამდე. აქამდე ყოველთვის ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად. ახლა კი განსხვავებული სურათია. ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ბრძოლისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნები. გპირდებით, რომ იხილავთ განსაკუთრებულ გიგას, მთავარია ტრავმებმა არ შემიშალოს ხელი.
– ბოლო ბრძოლა სვანსონმა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, პინედასთან ჩაატარა და ნოკაუტით მოიგო. შენთვის სიურპრიზი იყო ქაბის ასეთი გამოსვლა 37 წლის ასაკში? ელოდი თუ არა ასეთ სვანსონს?
– კი როგორ არა ნამდვილად ველოდი. გეთანხმებით, პინედა ფიზიკურად ძალიან დიდი და ძლიერი მებრძოლია, მაგრამ ქაბ სვანსონის ტექნიკა და გამოცდილება ძალიან დიდ როლს თამაშობს. მთლიანობაშიც ვთვლი, რომ სვანსონი პინედაზე უკეთესი მებრძოლია. ასე რომ, ველოდი ასეთ შედეგს და აქვე გეტყვით, რომ ვგულშემატკივრობდი კიდეც ქაბს პინედასთან დაპირისპირებაში. ბოლო ორი ბრძოლა მან ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ეს კიდევ უფრო მოტივირებულს მხდის.
– რის ხარჯზე გეგმავ უპირატესობის მოპოვებას და როგორ ფიქრობ რომელ კომპონენტში ხარ სვანსონზე ძლიერი?
– ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ნებისმიერი ჩემი მეტოქის დამარცხებას ვგეგმავ „სტრაიკინგით“. მე ვარ დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მებრძოლი. მაქვს დიდი წვდომა. ასევე ტექნიკურ კომპონენტშიც ქაბზე მაღლა ვდგავარ. ფეხიც მასზე ძლიერი მაქვს. ვგეგმავ რომ ჩემი ბრძოლა მოვახვიო თავს, რა თქმა უნდა. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ დაპირისპირება დგომში წარიმართება. მეეჭვება, რომ ქაბმა ჩემი პარტერში გადაყვანა შეძლოს.
– ქაბ სვანსონის სუსტი და ძლიერი მხარეები.
სიმართლე გითხრათ, სუსტი მხარე ქაბს ბევრი არ აქვს. ის ძალიან მაღალი დონის, გამოცდილი მებრძოლია. მას საკმაოდ ძლიერი დარტყმები აქვს და სახიფათოა. სვანსონს საოცრად კარგი გამძლეობა აქვს, თუმცა არის ერთი მომენტი, ის 37 წლის არის და ასაკი ყოველთვის თავისას შვება. მე კი ამჟამად კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი უპირატესობა და რა თქმა უნდა, „სტრაიკინგი“. ამ კომპონენტში მიმაჩნია, რომ დივიზიონში ყველასთან მაქვს უპირატესობა. არც ქაბი იქნება გამონაკლისი. აქვე უნდა ითქვას, რომ სვანსონს შავი ქამარი აქვს ჯიუ ჯითსუში და რა თქმა უნდა, ამ მხრივ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო.