ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პატრიარქის მდგომარეობა არის სტაბილური, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.

„პატრიარქის მდგომარეობა სტაბილურია. ის ბოროტი ინფორმაციები, რომლებიც დღეს გავრცელდა, არ ვიცი, საიდან მოდის. მეტი არაფრის თქმა შემიძლია“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქის მიმართ დეზინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, რაც სამწუხაროა.

„სამწუხაროდ, ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. ამ ადამიანებს თავად ვუსურვებ ჯანმრთელობას და სირცხვილია, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. არაერთხელ იყო პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელებული. მსგავსი სპეკულაციებით ვიღაც ცდილობს რეიტინგული გახადოს თავისი განცხადებები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს არ დასწრებია. ლიტურგია მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა.