ექიმის ინფორმაციით, ვარკეთილში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმის ინფორმაციით, ვარკეთილში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ქირურგ სპარტაკ გიორგაძის ინფორმაციით, ვარკეთილში დაჭრილი მამაკაცი კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ჟურნალისტებს გიორგაძემ განუცხადა, „ოპტიმალმედი“-ს კლინიკაში 40 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს, რომელსაც გულ-მკერდის არეში, სავარაუდოდ, ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

გიორგაძის ცნობით, პაციენტის საოპერაციო ბლოკში გადაყვანა და ჭრილობის რევიზია მოხდა, რის შემდეგაც ჭრილობა დამუშავდა და სისხლდენა შეაჩერეს.

„პაციენტს ასევე მარცხენა ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა, სადაც დრენაჟი ჩაისვა. ამ დროისთვის, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადმოყვანილი, კონტაქტური და სტაბილურია“, – განაცხადა გიორგაძემ.

ვარკეთილში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ოპტიმალმედში“ გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

პირველი არხის ინფორმაციით, ვარკეთილში განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი