ექიმის ინფორმაციით, ვარკეთილში აფეთქების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ პაციენტს მეტალის ნაწილაკებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა
ექიმის ინფორმაციით, ვარკეთილში აფეთქების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ პაციენტს მეტალის ნაწილაკებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა

ვარკეთილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 18 წლის მამაკაცი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმ მანანა ლობჟანიძის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტს მეტალის ნაწილაკებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

„00:46 წუთზე შემოიყვანეს ერთი პაციენტი. პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები. დაზიანებული იყო მხოლოდ რბილი ქსოვილები. ჩვენს კლინიკაში პაციენტს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება; კონკრეტულად, დამუშავდა ჭრილობები, გაეწია ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციები, გამოკვლევები ჩატარდა და გადაყვანილი არის შემდგომი მკურნალობისთვის სტაციონალურ განყოფილებაში. ზედაპირული ჭრილობები იყო მიყენებული მეტალის ნაწილაკებით”, – განაცხადა მანანა ლობჟანიძემ.

შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ ერთ მამაკაცს „ამტელის” კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სადარბაზოში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.