ექიმის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული 10 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული 10 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, მაკა მაისურაძემ განაცხადა.

ექიმის განცხადებით, ბავშვი დედასთან ერთად მათ კლინიკაში იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, ბავშვის დედას ჩივილები არ აქვს და მისი ტესტის პასუხი კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი.

„10 თვის ბავშვი გადმოყვანილია თელავიდან. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა. კოვიდინფექცია თელავში დაუდასტურდა. ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. არის ყარაჯალას მცხოვრებელი და ეპიდემიოლოგები მუშაობენ კონტაქტების მოსაძიებლად. მშობლები ინფექციის გავრცელების წყაროს ვერ ასახელებენ, გადმოყვანილია დედასთან ერთად. ჩაუტარდა ტესტი. ბავშვის დედას არანაირი ჩივილი არ აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ინფექციონისტმა, მაკა მაისურაძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. რაც შეეხება სოფელ ყარაჯალას, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და 11 ადამიანს ანალიზი უკვე აუღეს.