ექიმი ირაკლი შოშიაშვილი - თვითიზოლაციასა და სოციალურ დისტანციაზე უკეთესი მეთოდი მედიცინას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯერ არ აქვს
ექიმი-ტრავმატოლოგი ირაკლი შოშიაშვილი, რომელიც ამ დროისთვის გერმანიაშია, „ამბერგის“ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობს, ამბობს, რომ ჯერ თვითიზოლაციასა და სოციალურ დისტანციაზე უკეთესი მეთოდი მედიცინას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არ აქვს.
„ახლა მკურნალობა ხდება მხოლოდ სიმპტომატურად და ორგანიზმის იმუნური სისტემის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, დაძლევს თუ არა ორგანიზმი ამ დაავადებას. ჩვენ, ექიმები ვეხმარებით სიმპტომატურად, მაგრამ იზოლაცია უნდა გაგრძელდეს, რათა ერთიანად არ მოხდეს პაციენტების დაინფიცირება. თუ ერთიანად მოხდება, გადაიტვირთება სამედიცინო სისტემა და მოხდება ის, რაც არ გვინდა, რომ მოხდეს. იმ ქვეყანაში, სადაც მე ვმუშაობ, სიტუაცია კარგად კონტროლირებადია, არ გადავსებულა საავადმყოფოები, რადგან დაახლოებით ოთხი კვირაა სრული იზოლაციაა, სრულიად შეწყვეტილია სოციალური კონტაქტები, ხალხი ემორჩილება კარანტინს, სუპერმარკეტებში, ეს გვაძლევს საშუალებას, არ გადაივსოს საავადმყოფო და კატასტროფულ რეჟიმში არ ვიმუშაოთ“, – აღნიშნა ირაკლი შოშიაშვილმა „მოამბესთან“ საუბრისას.
როგორც ირაკლი შოშიაშვილი ამბობს, გერმანიისა და საქართველოს სამედიცინო შესაძლებლობები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია, ამიტომ მოქალაქეები უნდა გაფრთხილდნენ და სახლში დარჩნენ.
მისივე თქმით, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გერმანიაშიც კორნავირუსით ძირითადად იღუპებიან ხანდაზმული ადამიანები, ან ისეთი პაციენტები, რომლებსაც სხვა მწვავე ქრონიკული დაავადებები აქვთ.
„ინფიცირებული პაციენტი ყოველდღე მყავს, რადგან უკვე სამი კვირაა კოვიდ განყოფილებაში ვმუშაობ და უამრავი პაციენტის მიღება, მკურნალობა, გამომშვიდობება მიხდება. საბედნიეროდ ბევრის გამოჯანმრთელების საშუალება გვაქვს, რადგან ამ წუთას არ ვართ ისეთ გადატვირთულ რეჟიმში. ხშირად ბევრი სიმპტომებსაც ვერ გრძნობს, ძალიან სწრაფად ვითარდება და სწრაფად მძიმდებიან პაციენტები, შესაბამისად, სწრაფ რეჟიმში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. რაც ყველაზე მძიმე და ცუდია, მსხვერპლი ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, სახლებში ჩაკეტილები არიან, მაგრამ კონტაქტი აქვთ შვილებთან თუ შვილიშვილებთან, რომლებიც არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს, ისინი ხდებიან ინფექციის წყარო მოხუცებისთვის ან დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ეს დაავადება ძალიან სარისკოა, სწორედ ეს უნდა გავისიგრძეგანოთ და ამას უნდა მივხვდეთ. შესაძლებელია ჩვენში ასიმპტომურად მიდიოდეს ეს პროცესი, მაგრამ სხვებისთვის სასიკვდილო იყოს“, – აღნიშნავს ირაკლი შოშიაშვილი.
კითხვაზე, რა რისკები შეიძლება, მოჰყვეს საქართველოში დაინფიცირებულთა მაჩვენებლის მკვეთრ მატებას, მედიკოსი აღნიშნავს, რომ ყველაზე ცუდი სცენარით სამედიცინო სისტემა პაციენტთა ნაკადს ვერ გაუძლებს და ექიმები შესაძლოა, არჩევანის წინაშე დადგნენ.
„ისე არ მინდა გაიგოთ, რომ ჩვენ თავს რაიმეს ვარიდებთ და არ გვინდა თქვენი მკურნალობა, უბრალოდ შეიძლება რამდენიმე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდეთ – არ გვინდა მაგალითად აღმოვჩნდეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ ვეღარ შევძლოთ თქვენი დახმარება, ჩვენც ადამიანები ვართ, გვაქვს რესურსები და ეს რესურსები თუ ამოიწურა, ვეღარ შევძლებთ თქვენს დახმარებას. ჩვენ თუ დავინფიცირდით და მუშაობა ვეღარ გავაგრძელეთ. ამ ადამიანების დახმარებას ვერც ამ შემთხვევაში შევძლებთ. თუ ეპიდაფეთქება მოხდა, ექიმები დავდგებით დილემის წინაშე, რომელი გადავარჩინოთ, დაიწყება ე.წ. ტრიაჟირება. აქ პირველ რიგში ასაკია გადამწყვეტი და მერე თანმხლები დაავადებები, არც ერთ ექიმს არ ვუსურვებ ამის წინაშე დადგეს. ნებისმიერი ექიმი ცდილობს, თითოეული პაციენტი გადაარჩინოს და თითოეულის სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოლოს. ექიმი არასოდეს ანებებს თავს ბრძოლას და არ უნდა აღმოჩნდეს ამის წინაშე, რომ დროზე ადრე დაანებოს თავი ადამიანის მკურნალობას“, – განაცხადა ირაკლი შოშიაშვილმა „მოამბესთან“ საუბრისას.