სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკურნალობის დროს ექიმები შიშობდნენ, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება გაცილებით დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა, – ამის შესახებ სოლსბერის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა განაცხადა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს.
ექიმის ცნობით, ასეთი ვარაუდი სამედიცინო ცენტრში მას შემდეგ დაიბადა, რაც მათთან ბრიტანეთის პოლიციის თანამშრომელი, ნიკ ბეილი მიიყვანეს. ის ინციდენტის ადგილზე მუშაობდა. ამასთან სოლსბერის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ სკრიპალების გადარჩენას ვერ შეძლებდნენ.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, სერგეი სრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის რეკრეაციულ ზონაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გამოძიების ცნობით, სკრიპალებზე თავდასხმის დროს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება, ე.წ. ნოვიჩოკი გამოიყენეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია