ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) - არ მგონია, მორწმუნისთვის თუ არამორწმუნისთვის მისაღები ყოფილიყო გუშინდელი ინციდენტი
ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) - არ მგონია, მორწმუნისთვის თუ არამორწმუნისთვის მისაღები ყოფილიყო გუშინდელი ინციდენტი

არ მგონია, მორწმუნისთვის თუ არამორწმუნისთვის მისაღები ყოფილიყო გუშინდელი ინციდენტი, – განაცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარი შესახებ.

„ჩემთანაც მოსულან ჟურნალისტები, რამდენჯერ დაგისვამთ კითხვები, არსად გავქცეულვარ და გამიცია პასუხი თქვენთვის. მაგრამ ეს უნდა იყოს კანონზომიერების ფარგლებში. თუ შემაწუხე, არ იქნება სწორი. მით უმეტეს, მცდელობა იმისა, რომ შეხვიდე, შეიჭრა იქ, სადაც არ არის საჭირო. გამოვიდოდნენ იქიდან, მეუფეც გამოვიდოდა, სამღვდელოებაც და მისცემდა ინტერვიუს ყველას. უმართავი რომ გახდა სიტუაცია, იმიტომაც მოხდა ეს გაურკვეველი და გაუთვალისწინებელი შემთხვევა. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლით არ დასრულდა. გული ძალიან გვეტკინა. როგორია, ადამიანი მეორე სართულიდან რომ გადმოვარდება. ისინი ჩვენი შვილები, დები და ძმები არიან, და ძალიან გვეტკინა გული. ამ ორი დიაკონის განცხადებები იმ დანარჩენი დიაკვნების და მღვდელმსახურების შეურაცხყოფაა, რომლებიც ემორჩილებიან მღვდელმთავარს. ეს არ არის სწორი განცხადებები, არ იყო სწორად დაწყებული პროცესი და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ცუდად არ დამთავრდა“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა მიქაელმა.

მარტვილში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის ექვსი წარმომადგენელი. ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა. შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.