ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა
ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინით აიცრა. მასთან ერთად ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდათ ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს ფრენსის კოლინს და ჯანდაცვის მდივანს ალექს აზარს.

„მე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში უკიდურესად დარწმუნებული ვარ და მსურს, მოვუწოდო ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ჩაიტაროს ვაქცინაცია, რათა ამ ქვეყნისთვის შევქმნათ დამცავი ფარი, რომელიც დაასრულებს პანდემიას”, – განაცხადა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ.

როგორც ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, მისთვის პატივია, იყო ამ პროცესის ნაწილი.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა ვაქცინას განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევა უწოდა. მისი თქმით, ის სრულებით დარწმუნებულია ვაქცინის უსაფრთხოებაში.

„ჩვენ ყველა ვამბობდით, რომ უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის ქონა ახალი ვირუსის აღმოჩენიდან ერთ წელიწადში სხვა არაფერია, თუ არა სასწაული“, – განაცხადა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა.