ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს
ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს. ამის შესახებ მან „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის თქმით, მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში შესაძლოა, დეკემბრის მესამე ან მეოთხე კვირაში დაიწყოს.

მანამდე, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინა წარმატებულად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

ენტონი ფაუჩი „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უწყება ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის ნებართვას დიდი ალბათობით რამდენიმე დღეში გასცემს.

„როდესაც ეს მოხდება, ძალიან მალე ჩვენ მზად ვიქნებით, დავიწყოთ ვაქცინის უმთავრესი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის მიწოდება“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება 8 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო.