ენტონი ფაუჩი კორონავირუსის ვაქცინის ეფექტიანობის დამტკიცებამდე მის გავრცელებას ცუდ იდეად მიიჩნევს
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, ექიმი ენტონი ფაუჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამტკიცებამდე, საგანგებო შემთხვევებში გამოსაყენებლად მის გავრცელებას ცუდ იდეად მიიჩნევს. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და მეცნიერები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაზე, რათა ვაქცინა ნოემბრამდე გახდეს ხელმისაწვდომი, რაც არჩევნებში მისი გამარჯვების შანსებს გაზრდის.
ენტონი ფაუჩიმ ქვეყნის პრეზიდენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. თუმცა მან აღნიშნა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით აჩქარება, მისი მწვავე აუცილებლობის მიუხედავად, რისკთან არის დაკავშირებული.
„ერთადერთი, რის ნახვასაც არ ისურვებდით ვაქცინასთან დაკავშირებით, ეს მისი ეფექტიანობის შესახებ სიგნალამდე საგანგებო შემთხვევაში გამოყენების ნებართვის მიღებაა“, – განაცხადა ფაუჩიმ „როიტერთან“ სატელეფონო ინტერვიუსას.
ენტონი ფაუჩის აზრით, ვაქცინის ნაადრევად ბაზარზე გამოშვება გაართულებს სხვა ვაქცინების ტესტირებას.