ენტონი ბლინკენმა გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ირანის საკითხი განიხილა
ენტონი ბლინკენმა გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ირანის საკითხი განიხილა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ვირტუალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა საუბრისას ირანთან დაკავშირებული და სხვა საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ირანთან დაკავშირებით, რათა ერთად გავუმკლავდეთ ბირთვულ და სხვა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც „როიტერი“ წერს, შეხვედრა 2015 წლის ბირთული შეთანხმების აღდგენის საკითხის შესწავლას ისახავდა მიზნად, რომელსაც ირანმა სხვა ქვეყნებთან ერთად მოაწერა ხელი. ჯო ბაიდენის წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა კი ამ შეთანხმებაზე უარი 2018 წელს განაცხადა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვირტუალური შეხვედრის დროს ენტონი ბლინკენი, ჟან-ივ ლე დრიანი, დომინიკ რააბი და ჰეიკო მაასი კორონავირუსის პანდემიასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, მიანმართან და კლიმატის საკითხებთან დაკავშირებითაც ისაუბრებდნენ.