ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა
ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელზეც 40-მილიარდიანი დახმარების დეტალები გაასაჯაროვა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინა 40,1 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი ასიგნებების აქტის დეტალები, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა 21 მაისს მოაწერა ხელი და რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების შემდგომ დაფინანსებას უკრაინისა და ომის შედეგად დაზარალებული ქვეყნებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე, ლიდერებმა განიხილეს მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის შედეგების დასაძლევად და კრემლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სასურსათო უსაფრთხოების გლობალური კრიზისი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასტიკი ომის შედეგია, გლობალურ რეაგირებას მოითხოვს და დმიტრო კულებასთან ერთად განიხილა უკრაინის მარცვლეულის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის პოტენციური შესაძლებლობები.