ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარით დახმარების საკითხი განიხილეს
ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარით დახმარების საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების საკითხი განიხილა, რომლის გამოყოფის თხოვნითაც ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის სასტიკი აგრესიის წინაშე.

ამას გარდა, ენტონი ბლინკენმა კულებასთან განიხილა უკრაინაში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნების საკითხი, მიმდინარე კვირას ლვოვში დაგეგმილი ვიზიტების და რაც შეიძლება მალე კიევში დაბრუნების გეგმების ჩათვლით.

სახელმწიფო მდივანმა და მინისტრმა ასევე განიხილეს ადმინისტრაციის 28 აპრილის მიმართვა კონგრესისადმი უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების სახით 33 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, რათა უკრაინამ დაამარცხოს „კრემლის უგუნური ომი“.

შეგახსენებთ, როგორც 28 აპრილს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ კონგრესი უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს რაც შეიძლება მალე დაამტკიცებს.