აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დიდი შვიდეულის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ბრიტანეთის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის, გარემოს დაცვისა და სხვა საერთაშორისო პრიორიტეტულ საკითხებში. ასევე, მხარეებმა ვაჭრობისა და თავდაცვის საკითხები განიხილეს.
„პრემიერ-მინისტრი და მდივანი ბლინკენი მიიჩნევენ, რომ ვაქცინების გლობალური წარმოება შეასრულებს მნიშვნელოვან როლს კორონავირუსის პანდემიის დამარცხების საკითხში. მათ ხაზი გაუსვეს აღნიშნულ საკითხში დიდი შვიდეულის მუშაობის მნიშვნელობას, მათ შორის საერთაშორისო წარმოების შესაძლებლობების გაზრდის მცდელობას“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.