ენტონი ბლინკენი - რუსეთს თუ სურს მსოფლიოს დარწმუნება, რომ არ აქვს აგრესიული ზრახვები, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით, დიპლომატიასა და დიალოგში მონაწილეობით უნდა დაიწყოს
ენტონი ბლინკენი - რუსეთს თუ სურს მსოფლიოს დარწმუნება, რომ არ აქვს აგრესიული ზრახვები, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით, დიპლომატიასა და დიალოგში მონაწილეობით უნდა დაიწყოს

რუსეთს თუ სურს მსოფლიოს დარწმუნება, რომ არ აქვს აგრესიული ზრახვები, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით, დიპლომატიასა და დიალოგში მონაწილეობით უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ენტონი ბლინკენის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სერგეი ლავროვს უთხრა, რომ აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები, მოკავშირეები მტკიცედ დგანან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში. მისივე თქმით, სერგეი ლავროვს მკაფიოდ განუცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან თუ რომელიმე გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, რუსეთი აღმოჩნდება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი სანქციების წინაშე.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების წინაშე აღმოჩნდება სხვა სახის აგრესიული ქმედების შემთხვევაშიც, რომლის განხორციელება არ ითვალისწინებს სამხედრო ძალის გამოყენებას.

„როგორც პრეზიდენტ ზელენსკისთან და მინისტრ კულებასთან საუბრისას, ასევე ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განხილვისას განვაცხადე, ვითარების მოგვარებისთვის ჩვენ ვრჩებით დიპლომატიური გზის ერთგულნი, თუმცა მზად ვართ მასშტაბური შედეგებისთვის, თუ რუსეთი აირჩევს კონფლიქტისა და კონფრონტაციის გზას“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთს აქვს ორი გზა – დიპლომატიის გზა, რომელიც მიიყვანს მშვიდობას და უსაფრთხოებასთან ან გზა, რომელიც მიიყვანს მკაცრ შედეგებამდე. ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები, პარტნიორები ორივე გზისთვის მზად არიან.

ამასთან, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, რუსეთის მიერ წამოყენებულ წინადადებებზე საკუთარი მოსაზრებების შესახებ პასუხი მომავალ კვირაში, წერილობითი სახით გასცეს.

მისი თქმით, სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ არსებობს გარკვეული საკითხები და ფუნდამენტური პრინციპები, რომლის დაცვას აშშ და ევროპელი პარტნიორები აპირებენ, მათ შორისაა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და უკრაინელი ხალხის უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთთან სხვადასხვა საკითხზე მუშაობა შესაძლებელია, თუმცა რუსეთისთვის პირობად რჩება, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

„ბატონ ლავროვს შევთავაზე, რაც ადრეც არაერთხელ გავაკეთე, რომ თუ რუსეთს სურს, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ არ აქვს აგრესიული ზრახვები უკრაინის მიმართ, ამის საუკეთესო დადასტურება დეესკალაცია და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანა, დიპლომატიასა და დიალოგში მონაწილეობის დაწყება იქნება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები, პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და აგრესიის შემთხვევაში, თავდაცვის საშუალებების გაგზავნას.

„უკრაინა შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ღირებული პარტნიორია. ჩვენი ვალდებულება, რომელსაც ნატო-ს მე-5 პუნქტი ითვალისწინებს, ვრცელდება მხოლოდ ნატო-ს წევრებზე. უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, თუმცა გადაწყვეტილება არსებობს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ დავიცვათ ის და შევაჩეროთ ან შევაკავოთ მის წინააღმდეგ მიმართული აგრესია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.